
მეთიუ ბრაიზა თბილისსა და სოხუმს ეწვევა
მეთიუ ბრაიზა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, მიმდინარე კვირას საქართველოს და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება თბილისსა და სოხუმში. ეს ინფორმაცია თბილისში აშშ-ს საელჩომ დაადასტურა.
25 ივლისს ბრაიზა სოხუმს ეწვევა, სადაც აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას, უშიშროების საბჭოს მდივანს სტანისლავ ლაკობას და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი”.
რადიო ”თავისუფლებასთან”ინტერვიუში, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ სოხუმსა და თბილისს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენა აუცილებელია.
”ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რათა აფხაზებს და ქართველებს საშუალება მიეცეთ პირისპირ ისაუბრონ ყოველგვარი შეზღუდვების და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე,” – განაცხადა მან.
სოხუმის თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში განაახლებს მოლაპარაკებებს თბილისთან, თუ ის დათანხმდება ზემო კოდორის ხეობიდან ძალების გაყვანასა და ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერაზე.
დაახლოებით ბოლო სამი თვის მანძილზე ეს ბრაიზას უკვე მეორე ვიზიტი იქნება სოხუმში. ამ ბოლო ვიზიტს წინ უძღოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მოლაპარაკებები თბილისში, სოხუმსა და მოსკოვში, სადაც შტაინმაიერმა მხარეებს გერმანიის მიერ მომზადებული აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიანი გეგმა გააცნო.
ამავდროულად, სოხუმში ვიზიტს ასევე გეგმავს გერმანიის ელჩი საქართველოში პატრისია ფლორი, სადაც იგი 25 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობას შეხვდება, იტყობინება ”აფსნიპრესი”.