
საზოგადოებრივი მაუწყებელი საინფორმაციო გამოშვებების რაოდენობას ამცირებს
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოდგომიდან კვლავ შეამცირებს საინფორმაციო გამოშვებების რაოდენობას ოთხიდან სამამდე.
”საინფორმაციო მაუწყებლობის ხვედრითი წილი დროის თვალსაზრისით მცირდება,” – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთან ინტერვიუში 23 ივლისს, ”ეს არის ობიექტური რეალობა. საქართველო პატარა ქვეყანაა და არ ხდება იმდენი ამბავი, რომ ყოველ საათში ერთხელ, ასე ვთქვათ, ნიუსით გახვიდე ეთერში”.
ამჟამად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეში ოთხ საინფორმაციო გამოშვებას უშვებს: ერთი დღის 12 საათზე, შემდეგ 15 საათზე, 18 საათზე და ბოლოს დღის მთავარი გამოშვება 20 საათზე. მანამდე ტელეკომპანია საათში ერთხელ უშვებდა საინფორმაციო გამოშვებებს.
ლევან გახელაძემ ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანია გეგმავს პოლიტიკური და სოციალური თოქშოუების, ასევე საგამოძიებო სიუჟეტების და ადამიანის უფლებების თემისადმი მიძღვნილი პროგრამების გაშვებას.
ივნისში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დახურა საკვირაო პროგრამა ”7 დღე”. გახელაძის თქმით, პროგრამა იმიტომ დაიხურა, რომ მას თითქმის ნულოვანი რეიტინგი ჰქონდა.