ახალი ამბები

ქართულმა მხარემ კიდევ ორი ოსი პიროვნება გაათავისუფლა

ქართველმა სამართალდამცავებმა დაადასტურეს ინფორმაცია 22 ივლისს საღამოს ორი ოსი პიროვნების გათავისუფლების თაობაზე.

ორივე პიროვნება, რომელთაც ნარკოტიკების და იარაღის უკანონო შენახვაში ედებოდათ ბრალი, 2 000 ლარის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 21 ივლისს კიდევ ორი ოსი პიროვნება იქნა გათავისუფლებული. ოთხივე მათგანი ქართველმა სამართალდამცავებმა 20 ივლისს დააკავეს. სამხრეთ ოსური მხარის ცნობით, თბილისს სურდა, რომ დაკავებული ოსი პიროვნებები ოსური მილიციის მიერ დაკავებული, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ეთნიკური ქართველის გამოშვების სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა.

თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო დაკავებულთა გაცვლაზე რაიმე გარიგების მცდელობა. 

ამავდროულად, სამხრეთ ოსური მხარის მიერ დაკავებული, მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ გოგინაშვილი ცხინვალში რჩება პატიმრობაში. ქართული მედიის ცნობით, სავარაუდო დანაშაული 90-იანი წლების დასაწყისის შეიარაღებული კონფლიქტის დროს იქნა ჩადენილი.

Back to top button