
გერმანიის მიერ მომზადებული აფხაზური გეგმის რამოდენიმე დეტალი
ჯეიმსთაუნის ფონდის წარმომადგენელი ვლადიმერ სოკორი 22 ივლისს ორგანიზაციის გამოცემაში Eurasia Daily Monitor გამოქვეყნებულ სტატიაში აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე გერმანიის მიერ მომზადებული გეგმის დეტალების შესახებ იტყობინება.
გერმანული გეგმა – საქართველო/აფხაზეთი: კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ელემენტები – რომელიც 11 ივლისს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის შეხვედრაზე გავრცელდა ”რუსეთისთვის მნიშვნელოვან დათმობებს ითვალისწინებს,” – აცხადებს სოკორი.
ამავე ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტში არაა ნახსენები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და დასაშვებადაა მიჩნეული რუსული სამშვიდობო მისიის გაგრძელება აფხაზეთში.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გასულ კვირას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე, განაცხადა, რომ გეგმაში არაა ნახსენები საქართველოს ტერიტირული მთლიანობა, რაც, მისი თქმით, ”დადებითი ელემენტია”. ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა 17 ივლისს თბილისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, რომ გეგმაში ”გარკვეული ცვლილებებია” შესატანი. ”ქართული მხარის პოზიციაა, რომ გეგმაში უნდა იყოს აბსოლუტურად გარანტირებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობა – რაც გერმანულ მხარეს არც არასდროს დაუყენებია ეჭვის ქვეშ,”- აღნიშნა მან.
გეგმის პირველი ეტაპის თანახმად – რომელიც თხუთმეტ თვეზეა გაწერილი – ქართული და აფხაზური მხარეები გაცვლიან დეკლარაციებს ძალის არგამოყენების თაობაზე, – წერს სოკორი.
ამის შემდეგ, დოკუმენტის თანახმად, ”არსებული მექანიზმების საფუძველზე” ქართული და აფხაზური მხარეები შექმნიან ჩარჩოს რომლის ფარგლებში მოხდება მაღალ დონეზე პირდაპირი დიალოგი. ამ პროცესში გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG) და გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფს ექნებათ ფასილიტატორის როლი. გეგმა უშვებს ამ პროცესის შემდგომი ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამას ”მხარეები მოისურვებენ.”
დოკუმენტის თანახმად, წერს სოკორი, საერთაშორისო საპოლიციო ძალების განთავსება შესაძლებელი იქნება, თუმცა ისევ და ისევ ორივე მხარის თანხმობით; ამის გარდა, თუ რეგიონში უსაფრთხოებას საშიშროება შეექმნება, ”გამოყენებულ იქნება არსებული მექანიზმები სამხედრო კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად” – რეგიონში ”არსებული მექანიზმი” რუსეთის სამშვიდობო ოპერაციაა.
რაც შეეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ”მხარეები [თბილისი და სოხუმი] უნდა შეთანხმდნენ მათი დაბრუნების პირობებზე”. გეგმა მხარს უჭერს ”იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების უფლებას, ასევე მათი მთელი რიგი უფლებების დაცვის ვალდებულებას”.
ამავე ინფორმაციის თანახმად, გეგმა ასევე ითვალისწინებს ”საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ვაჭრობის ღია ეკონომიკურ შესაძლებლობებს აფხაზებისთვის”.
გეგმის მეორე ეტაპი ითვალისწინებს საერთაშორისო დონორთა კონფერენციის ჩატარებას გერმანიაში ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით რეგიონის ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით თანხების მოსაზიდად. ამავე პერიოდში გრძელდება დევნილთა დაბრუნების პროცესი; სოკორის თქმით, დოკუმენტის კონტექსტი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს პროცესი პირველ ეტაპზე გალსა და ოჩამჩირეში დევნილთა დაბრუნებას ითვალისწინებს.
მესამე და საბოლოო ეტაპზე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ”აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსს” შეიმუშავებს. ჯგუფის შემადგენლობაში შევლენ ქართული და აფხაზური მხარეები, რომელთაც დაეხმარებიან ”საერთაშორისო შუამავლები და გარანტორები”; თუმცა, გეგმა არ აკონკრეტებს თუ რა იგულისხმება ”გარანტორებში,” – აღნიშნავს სოკორი.
დოკუმენტი თავს არიდებს ტერმინის ”აფხაზეთი, საქართველო”-ს გამოყენებას. ეს არის ამჟამად სტანდარტული ტერმინი, რომელიც გამოიყენება საქართველოს ოფიციალურ დოკუმენტებში, ასევე გაეროს და საერთაშორისო დოკუმენტებში როდესაც აფხაზეთის ხსენება ხდება.