
რუსული სარკინიგზო ძალები აფხაზეთს მალე დატოვებენ
რუსეთის სარკინიგზო ძალების ბატალიონი აფხაზეთს მალე დატოვებს, რადგან უკვე დაასრულა სოხუმი-ოჩამჩირის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები, იტყობინება ”რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უცნობ წყაროზე დაყრდნობით.
”რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა უკვე მოაწერა დანაყოფების გაყვანაზე შესაბამის ბრძანებას ხელი, რომელიც უახლოეს დროში გახდება საჯარო,”- განუცხადა სააგენტოს წყარომ.
ამავე ცნობით, ბატალიონმა აღადგინა რკინიგზის 54 კმ-იანი მონაკვეთი, კერძოდ, 8 დიდი სარკინიგზო ხიდი მდინარე კოდორსა და მოქვზე და ასევე შეცვალა 10 ათასი შპალი.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა 7 ივნისს განაცხადა, რომ თბილისის მკვეთრად ნეგატიური რეაქციის მიუხედავად, არ აპირებდა დაუყოვნებლივ აფხაზეთიდან ძალების გაყვანას, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოების დამთავრებისთანავე, რასაც მისი ვარაუდით, ორ თვეზე მეტი არ უნდა დასჭირვებოდა, სარკინიგზო დანაყოფი დატოვებდა თვითგამოცხადებულ რეგიონს.
რუსეთმა სარკინგზო ძალები აფხაზეთში თბილისთან შეუთანხმებლად მაისის ბოლოს გაგზავნა და განაცხადა, რომ ეს ღონისძიება ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურებოდა და არაფერი ჰქონდა საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან, როგორც ამას თბილისი ამტკიცებდა.