
პოლიციამ ორი ოსი პიროვნება გაათავისუფლა
ქართველმა სამართალდამცავებმა 21 ივლისს საღამოს დაკავებული ოთხი ოსი პიროვნებიდან ორი გაათავისუფლეს, ამ ინფორმაციას ქართული და ოსური მხარეები ადასტურებენ.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, გათავისუფლება ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მოლაპარაკების შედეგად მოხდა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ სამშვიდობო ძალების სარდლობა და ეუთოს მისიის წარმომადგენლები.
კომიტეტის ინფორმაციით, თბილისს სურდა, რომ დაკავებული ორი ოსი პიროვნება ოსური მილიციის მიერ დაკავებული, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ეთნიკური ქართველის გამოშვების სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ორი ოსი დაკავებულის გაშვების ფაქტს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს დაკავებულთა გაცვლაზე რაიმე გარიგების მცდელობას.
”ორი პიროვნება იქნა გათავისუფლებული, რადგან მათ ბრალი არ დაუდგინდა,”- განუცხადა Civil.ge-ს შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა, ”თუ პატიმრობაში დარჩენილ ორ პიროვნებასაც არ დაუდგინდება დანაშაული, მაშინ მათაც გავათავისუფლებთ”.
უტიაშვილის განცახდებით, დაკავებულებს ბრალი ედებათ იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შენახვაში.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ქართულმა მხარემ 20 ივლისის საღამოს ოთხი ოსი პიროვნება დააკავა, რომლებიც გორიდან ცხინვალში ბრუნდებოდნენ. მათი თქმით, ქართველმა სამართალდამცავებმა ოთხი ოსი ”გაიტაცეს” ოსური მილიციის მიერ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ეთნიკური ქართველის დაკავების საპასუხოდ.