
რუსეთი თავს არიდებს გერმანულ გეგმასთან ღიად დაპირისპირებას – ექსპერტი
რუსეთი თავს არიდებს ბერლინის მიერ შემოთავაზებულ სამეტაპიან გეგმასთან ღიად დაპირისპირებას და ამის სანაცვლოდ ცდილობს თბილისის და სოხუმის ხელით ჩაშალოს მისი განხორციელება, განაცხადა კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ხუციშვილმა საგაზეთო სტატიაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 18 ივლისს თავის გერმანელ კოლეგასთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ, რომ გერმანული გეგმა არის ”ნაბიჯი სწორი მიმართულებით” და ”კონცეფტუალურად აბსოლუტურად სწორია”. თუმცა, მან გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ არ შეიძლება ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის და დევნილთა დაბრუნების საკითხის დაკავშირება და რომ პირველ ეტაპზე საჭიროა ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა და არა დევნილთა დაბრუნება. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს გეგმა მიუღებელია.
”ლავროვმა და ბაღაფშმა კეთილი და ბოროტი პოლიციელის ცნობილი როლების გადანაწილება გაითამაშეს: ბაღაფში ხელაღებით უარყოფს ყოველგვარ გეგმას, ხოლო ლავროვი გეგმაზე პოზიტიურად საუბრობს, თუმცა გარკვეული შენიშვნებით,” – ნათქვამია სტატიაში, რომელიც გიორგი ხუციშვილმა 21 ივლისს გაზეთ ”რეზონანსში” გამოაქვეყნა.
მისი თქმით, რუსეთი, რომელიც ცდილობს საქართველოზე ბერკეტები შეინარჩუნოს კონფლიქტურ ზონებში მანიპულირებით, ”შეეცდება ნებისმიერი რეალური სამშვიდობო გეგმა ჩაშალოს”. ”მაგრამ ამას ისე მიაღწიოს, რომ ეს კონფლიქტში უშუალოდ მონაწილე მხარეებს დაბრალდეს,” – დასძენს ექსპერტი.
ანალოგიური პოზიცია გაახმოვანა რუსულმა გაზეთმა ”კომერსანტმა” 21 ივლისს, რომლის თანახმადაც ლავროვის განცხადება, რომ გეგმა ”კონცეფტუალურად აბსოლუტურად სწორია” ძალიან მოულოდნელი იყო.
”მაგრამ ფაქტიურად, მოსკოვს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს არ ითამაშოს გეგმის მესაფლავის როლი, რომელსაც თავისთავადაც არ აქვს წარმატების მაღალი შანსი,” – წერს ”კომერსანტი”.