ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენ მოაზროვნე ოფიცრები გვჭირდება

დღეს პრეზიდენტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვია, სადაც 15 ივლისიდან ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. 

”ჩვენი არმიის განსხვავება წინა არმიისგან არის ის, რომ აქ არის მოაზროვნე ხალხით დაკომპლექტებული არმია და თვითონ აქვს განცდა იმისა, თუ რას აკეთებს და თვითონ არის რეალურად მთავარი გადაწყვეტილების მიმღები. ამისთვის უნდა ვიყოთ ყველანი მზად,”- განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს, ” ბრძანებები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ადგილზე თუ თვითონ ოფიცერმა არ მიიღო გადაწყვეტილება, ძალიან გაუჭირდება”.  

წვრთნებში, რომელიც 31 ივლისს საჩვენებელი გამოსვლით დასრულდება, 600 ქართველი და 1 425 ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს. სწავლებას ასევე აზერბაიჯანელი, უკრაინელი და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეებიც გადიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანი აშშ-ს სამხედრო ძალებსა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და თავსებადობის ხელშეწყობაა.

Back to top button