Placeholder canvas
ახალი ამბები

იაკობაშვილი ბრიუსელის მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი აცხადებს, რომ თბილისმა პრინციპული პოზიცია გამოხატა შერეული საკონტროლო კომისიის წინააღმდეგ, როცა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე ბრიუსელში 22 ივლისს დაგეგმილ მოლაპარაკებებში არ იქნა ჩრდილოეთ ოსური მხარე მიწვეული.

ბრიუსელის ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა ქართულ, სამხრეთ ოსურ და რუსულ მხარეებს უნდა მიეღოთ, უარი თქვა ცხინვალმა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ უარის ორი მიზეზი დაასახელა. ერთი ის, რომ ქართულ მხარეს წარმოადგენდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, რომელიც არ არის შსკ-ს თანათავმჯდომარე და რომლის უწყების დასახელებამაც სეპარატისტებში თავიდანვე გამოიწვია გაღიზიანება. იაკობაშვილის დანიშვნამდე  უწყებას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ერქვა. მოლაპარაკებებზე უარის თქმის მეორე მოტივად დასახელდა ჩრდილოეთ ოსური მხარის, შსკ-ს მეოთხე წევრის არ მიწვევა ბრიუსელში.

”მე მგონი ოსებს სალაპარაკო არაფერი არ აქვთ და ეს მიზეზები, რომ რეინტეგრაცია ჰქვია თუ ინტეგრაცია თუ სხვა რამე, ეს მოგონილი მიზეზებია,”- განუცხადა ”რუსთავი 2”-ს თემურ იაკობაშვილმა, ”ამ მიმართულებით ჩვენ ვაპირებთ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმას და შეიძლება ეს საკითხი მოვხსნათ”.

”ხოლო რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლის არ მოწვევას, ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა,”- განაგრძო მან, ”ჩვენ არანაირად არ გვინდა, რომ შსკ ახალ ინკარნაციაში ვნახოთ ახლა ბრიუსელში”.

ცხინვალი და მოსკოვი შსკ-ს მოლაპარაკებათა ერთადერთ ინსტრუმენტად მიიჩნევენ, თუმცა თბილისმა ამ, როგორც ხშირად იხსენიებს ”არაეფექტურ” ფორმატში მონაწილეობაზე უარი მარტში განაცხადა.

სანაცვლოდ, ქართული მხარე ამ ფორმატის ახალი ფორმულით 2+2+2 შეცვლის ინიციატივით გამოვიდა, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. ამ ინიციატივას მოსკოვი და ცხინვალი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

მსგავსი/Related

Back to top button