Placeholder canvas
ახალი ამბები

მედიის ცნობით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში პოლიციის საგუშაგოს თავს დაესხნენ

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ ახალ აბასთუმანთან მდებარე ქართულ პოლიციის საგუშაგოს გასულ ღამეს ყუმბარტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს, იტყობინებიან 20 ივლისს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ”რუსთავი 2” .

ამავე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა; თუმცა, ყუმბარა შემთხვევით აფეთქების შედეგად ერთი აფხაზი მილიციელი გარდაიცვალა.

აფხაზურ მხარეს ჯერ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ამავდროულად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო ქართული ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსული და აფხაზური ძალები 19 ივლისს კოდორის ხეობის ქვემო ნაწილში განთავსდნენ.

”ეს არის ქართული მედიის გამონაგონი,” – განუცხადა აფხაზური შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა ანატოლი ზაიცევმა ”ინტერფაქსს” 19 ივლისს, ”ქართველი პოლიტიკოსების და მასმედიის მიზანია რუსული სამშვიდობო ძალების დისკრედიტაცია, რათა გაამართლონ თავიანთი მოთხოვნა მათი საერთაშორისო საპოლიციო ძალებით შეცვლის თაობაზე”.

 

მსგავსი/Related

Back to top button