
ცხინვალმა უარყო ევროკავშირის წინადადება ბრიუსელში მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე
ცხინვალმა უარყო ევროკავშირის წინადადება ბრიუსელში მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე, იტყობინება 19 ივლისს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ვიცე-პრემიერის ბორის ჩოჩიევის სიტყვებზე დაყრდნობით.
ბრიუსელში ევროკავშირის თაოსნობით მოლაპარაკებები 22 ივლისს უნდა გამართულიყო ქართული, სამხრეთ ოსური და რუსული მხარეების მონაწილეობით.
ჩოჩიევი მოლაპარაკებებზე უარის ორ მიზეზს ასახელებს: ერთი ის, რომ ბიუსელში ქართული მხარე უნდა წარმოედგინა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს და ასევე ისიც, რომ ბრიუსელში არ მიიწვიეს ჩრდილოეთ ოსეთი ალანიას წარმომადგენლები.
ამით ჩოჩიევმა, რომელიც ოსური მხრიდან შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეა, მიანიშნა, რომ ცხინვალი არ თანხმდება ამ არსებული ფორმატის გარეთ სხვა ტიპის მოლაპარაკებებს. შსკ-ში ქართული, სამხრეთ ოსური, რუსული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები შედიან.
თბილისმა მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ შსკ-ს ფორმატით მოლაპარაკებებში აღარ მიიღებს მონაწილეობას.
ქართული მხარე ამ ფორმატის ახალი ფორმულით 2+2+2 შეცვლის ინიციატივით გამოდის, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. ამ ინიციატივას მოსკოვი და ცხინვალი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
რუსეთი ივლისის ბოლოს მოსკოვში შსკ-ს სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, ხოლო სამხრეთ ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ მზად არის სხდომას თავად უმასპინძლოს. თუმცა, თბილისმა ეს წინადადებები უარყო.