ახალი ამბები

მოსკოვი აფხაზეთის სამშვიდობო პროცესის პირობებზე მყარად დგას

ქართული ძალების გაყვანა ზემო კოდორის ხეობიდან და ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა არის ”ერთადერთი გზა” დაძაბულობის განმუხტვისთვის, განაცხადა კრემლმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მედვედევი 18 ივლისს მოსკოვში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

”ხაზგასმით აღინიშნა, რომ ერთადერთი გზა არსებული სიტუაციიდან არის ერთობლივი სავალდებულო დოკუმენტების მიღება ძალის არგამოყენების და უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, ასევე ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანა,” – ნათქვამია კრემლის მიერ შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადება ასევე ამბობს: ”მხოლოდ ამ ნაბიჯებს შეუძლია სოხუმსა და თბილისს შორის მოლაპარაკებების პროცესის განახლება. როგორც კი ეს ნაბიჯები გადაიდგმება, უფრო ადრე გახდება შესაძლებელი ქართულ-აფხაზურ მოგვარებაში სხვა რთული და მგრძნობიარე ასპექტების გადაწყვეტა”.

კონფლიქტის ”რთულ და მგრძნობიარე ასპექტებში” იგულისხმება ქართველ დევნილთა დაბრუნება აფხაზეთში და თვითგამოცხადებული რეგიონის სტატუსის განსაზღვრა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც მოსკოვში ვიზიტამდე გერმანიის სამეტაპიანი გეგმა საქართველოს და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხემძღვანელობასთან განიხილა, 18 ივლისს მედვედევთან შეხვედრამდე თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა.

მართალია ლავროვმა განაცხადა, რომ გერმანული გეგმა იყო ”ნაბიჯი სწორი მიმართულებით”, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის პოზიცია, რომ პირველი ეტაპისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმება და არა დევნილთა დაბრუნება.

”ეს არის ნაბიჯი სწორი მიმართულებით. მოგვარება მხოლოდ ეტაპურად მოხდება,” – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს თავის გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

”ეს გეგმა ასახავს რუსეთის იდეას იმის თაობაზე, რომ პირველ რიგში საჭიროა მხარეებმა ხელი მოაწერონ შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე. თუმცა, კიდევ ერთი პრობლემა არსებობს: კერძოდ, შემოთავაზებული იყო, რომ შეთანხმებას დევნილთა დაბრუნების თაობაზე ამ გეგმასთან ერთად მოეწეროს ხელი. ეს აბსოლუტურად არარეალისტურია,” – განაცხადა ლავროვმა.

შემდეგ მან თავისი ადრინდელი განცხადება გაიმეორა და განაცხადა: ”ნებისმიერ კონფლქიტში დევნილთა დაბრუნება არის საკითხი, რომელიც განიხილება ერთ-ერთ მომდევნო ეტაპზე [კონფლიქტის მოგვარების პროცესის], მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაწყნარდება და ნდობა აღდგება. მე უკვე მოვიყვანე პალესტინელი დევნილების მაგალითი, რომელთა დაბრუნებაც განიხილება მოგვარების ერთ-ერთ ასპექტად და მე ასევე ვესაუბრე კოსოვოდან გამოძევებულ სერბებს. ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა… ახლა ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ და საბოლოო სიტყვა ორივე მხარეს ეკუთვნის”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის პოზიციის საპასუხოდ განაცხადა, რომ მოსკოვის მცდელობა განაცალკევოს დევნილთა დაბრუნების და ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის საკითხი, ამ უკანასკნელზე ფოკუსირებით, წარმოადგენს დაბრუნების პროცესის გაჭიანურების აშკარა მცდელობას. თბილისის განცხადებით, პროცესის გაჭიანურებით, რუსეთი ცდილობს ”დააკანონოს ეთნიკური წმენდის შედეგები”, რასაც რეგიონში 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჰქონდა ადგილი.

ოფიციალური თბილისი ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინააღმდეგია, თუ არ იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა თავდაპირველად გალის და ოჩამჩირის რაიონებში დაბრუნების მყარი გარანტიები და დეტალურად გაწერილი სქემა. თბილისი ასევე იმ მოტივით ამბობს უარს შეთანხმების ხელმოწერაზე, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსი სამშვიდობოები ვერ უზრუნველყოფენ შეთანხმების გარანტის როლს.

თბილისი ზემო კოდორის ხეობიდან საპოლიციო ძალების გამოყვანის წინააღმდეგაც გამოდის. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის აღდგენა ხეობაში სააკაშვილის ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა.

 

Back to top button