ახალი ამბები

ბაქრაძე: იმედია მოსკოვი სოხუმზე მეტად კონსტრუქციული იქნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ მოსკოვი მეტ კონსტრუქციულობას გამოიჩენს გერმანიის საშუამავლო ინიციატივისადმი, ვიდრე სოხუმი.

მან ეს განცხადება აფხაზეთიდან დაბრუნებულ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვალტერ შტაინმაიერთან საქართველოს ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სოხუმმა სამ ეტაპიანი გეგმა, რომელიც ბერლინმა წარმოადგინა უარყო და მას ”პრინციპულად” მიუღებელი უწოდა. დღესვე შტაინმაიერი გალსა და ბათუმში გამართული შეხვედრების შემდეგ მოსკოვში რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შესახვედრად გაემგზავრა.

”გადამწყვეტი იქნება ის, თუ რა პოზიციას დაიკავებს რუსეთის ხელისუფლება,”- განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს, ”ის, რომ აფხაზებს შეუძლიათ უარყონ ან არ უარყონ კონკრეტული გეგმა – ეს გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური თამაში და ყველამ რეალურად ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზების ზურგს უკან დგას რუსეთი. ამიტომ გადამწყვეტი იქნება მისი [გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის] მოლაპარაკებები მოსკოვში”.

”მე იმედი მაქვს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება გამოიჩენს ოდნავ მეტ კონსტრუქციულობას,”- აღნიშნა მან.

თუმცა დღეს საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” იტყობინებოდა უცნობ რუს დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, რომ მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მცდელობები განაახლოს აფხაზეთის სამშვიდობო პროცესი ”კონსტრუქციულია”, საჭიროა კონცენტრირება მოხდეს ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმებაზე და ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანაზე. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა სოხუმმაც.

Back to top button