
ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგია საჭირო – შტაინმაიერი
პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა გერმანიის დროულ ჩართვას აფხაზეთის სამშვიდობო პროცესის აღდგენის მცდელობებში, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის ინიცირებული სამ ეტაპიანი გეგმა არ არის საბოლოო და სხვა ელემენტებით მისი გამდიდრების მიზნით განხილვები გრძელდება.
”კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციას მრავალი წლის განმავლობაში ვითოხვდით, მაგრამ ევროპის სწრაფი რეაქცია, პირველი სწორედ გერმანიისგან, ბერლინში გერმანიის მთავრობასთან გამართული სერიოზული მოლაპარაკების შემდეგ წამოვიდა,”- განაცხადა სააკაშვილმა 17 ივლისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ ვალტერ შტაინმაირთან ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
”გერმანიამ ძალზე ოპერატიული და დროული რეაგირება მოახდინა,”- აღნიშნა მან, ”იგი მაშინვე მიხვდა საკითხის მნიშვნელობას და სწორად განსაზღვრა რისკი, რომელიც აქ შექმნილ ვითარებასთან არის დაკავშირებული”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა აფხაზეთთან მიმართებაში არ არის საბოლოო ვარიანტი და ცალკეული საკითხები უნდა დაზუსტდეს. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-საც გააჩნია გარკვეული წინადადებები, რომელიც შეიძლება შესაბამისობაში მოვიდეს გერმანულ შემოთავაზებებთან. მისი თქმით, ახლა სწორედ ამ იდეების შეჯერების პროცესი მიდის.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც განსაკუთრებული ხაზი გაუსვა გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, იმავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის სამშვიდობო პროცესი ჩიხშია შესული და ”ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დაპირისპირებული მხარეები ამ ჩიხიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ”. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ არ სურს გადაჭარბებული იმედები გააჩინოს.
”ვფიქრობ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის აუცილებელია პირდაპირი დიალოგის გამართვა, რომელსაც სისტემატური ხასიათი ექნება. აი, ეს ნამდვილად იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ამ რთულ გზაზე,” – განაცხადა მან, ”ხვალ შევეცდები ჩემი თანამოსაუბრეები სოხუმში პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაში დავარწმუნო”.
მანამდე 17 ივლისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ქართველ კოლეგას ეკა ტყეშელაშვილს შეხვდა. ამ უკანასკნელმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მართალია გერმანული გეგმა ”საინტერესოა”, მაგრამ ის სრულყოფას საჭიროებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე შეხვდა 17 ივლისს, განაცხადა, რომ გეგმაში გარკვეული ”კორექტირებები და დამატებებია” შესატანი.
”ქართული მხარის პოზიციაა, რომ გეგმაში უნდა იყოს აბსოლუტურად გარანტირებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობა, რაც გერმანულ მხარეს არც არასდროს დაუყენებია ეჭვის ქვეშ, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გეგმა იძლეოდეს კონკრეტული პოზიტიური შედეგების მიღწევას პირველივე ეტაპზე და ჩვენთვის მთავარი კონკრეტული შედეგი გახლავთ დევნილების დაბრუნება საკუთარ სახლებში,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
”ეს არის მცდელობა განისაზღვროს ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია კონფლიქტის მოგვარება,” – განაცხადა ბაქრაძემ. ”რა თქმა უნდა, ეს ჩარჩო მოქნილი და ღია უნდა იყოს ქართული მხარის მიერ დამატებითი განხილვებისთვის და ჩვენ ძალიან კარგი და ღია განხილვა გვქონდა ამაზე [გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან]”.
”თუმცა უმთავრესი აქცენტი უნდა გაკეთდეს სწორედ იმაზე, რომ შესრულების პირველივე ეტაპზე მიღწეული იქნას კონკრეტული პროგრესი დევნილების დაბრუნების საკითხში. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გახდება ჩვენთვის მისაღები ვერცერთი გეგმა, რომელიც დევნილების დაბრუნების საკითხზე საუბრობს მომავალ დროში”.
17 ივლისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს და არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენელს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანული გეგმა ”საინტერესო და რეალისტურია”. ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირი, გერმანიის ჩათვლით, არ არის მზად თბილისის სცენარისთვის, რომელიც აფხაზეთიდან რუსი სამშვიდობოების დაუყონებლივ გაყვანას მოითხოვს.