
სააკაშვილი: დევნილთა უპირობო დაბრუნება კონფლიქტის მოგვარების განუყოფელი ნაწილია
დევნილთა უპირობო დაბრუნება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების განუყოფელი ნაწილია, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 ივლისს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ბათუმში შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე.
სააკაშვილმა ეს განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საპასუხოდ. ლავროვმა 17 ივლისს განაცხადა, რომ პირველ რიგში, ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების უპირობო ხელმოწერაა საჭირო გერმანიის მიერ მომზადებული გეგმის დანარჩენი ასპექტების განსახილველად, მათ შორის დევნილთა დაბრუნების შესახებ. ”ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ ეს მოთხოვნა დაუკავშირონ დევნილთა დაბრუნების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას, რაც აბსოლუტურად არარეალურია ამ ეტაპზე,” – განაცხადა მან.
”მე მინდა გამოვეხმაურო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულიად ურცხვ განცხადებას,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ის რაც დღეს თქვეს მათ, ეს არის უკვე პოლიტიკური განცხადება და სერიოზულ დონეზე განსახილველი ძალიან შემაშფოთებელი რამ”.
”დღეს მათ პირველად თქვეს, რომ ისინი არ დაუშვებენ დევნილების დაბრუნებას აფხაზეთში იმის საპასუხოდ, რომ დასავლეთიდან დაიწყო დაწოლა, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ აფხაზეთში,”- ხაზი გაუსვა მან.
”მე მინდა ვთქვა, რომ დევნილები აფხაზეთში დაბრუნდებიან და ამას ვუზრუნველყოფთ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად,” განაგრძო მან, ” და არ არის ეს არავის გადასაწყვეტი, არცერთ სხვა დედაქალაქში, მათ შორის მოსკოვში, ვერავინ ვერ აიღებს ამ არაადამიანურ და ბარბაროსულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას. მე არა მგონია, რომ ეს იყოს სერიოზული განსჯის და განხილვის საგანი თუნდაც რუსეთის მთავრობაში და მე იმედს გამოვთქვამ, რომ საუბარი გვაქვს ძალიან ვიწრო ჯგუფის ძალიან არასწორ მოსაზრებასთან, თუმცა მე არ მაინტერესებს როგორი არის მათი სამზარეულო”.
”მე მაინტერესებს ჩვენ რას გავაკეთებთ,”- განაცხადა პრეზიდენტმა, ”ჩვენ მივაღწევთ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტას, რისი აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია დევნილების უპირობო დაბრუნება მათი დასახლების ადგილებში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბარბაროსული და მივიწყებული ეთნიკური წმენდა გასული საუკუნის ბოლოს, რამდენიმე წლის წინ”.