
ძალის არ გამოყენებაზე შეთანხმება ხელოვნული თემაა – სააკაშვილი
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ძალის არ გამოყენების თაობაზე შეთანხმების დადება, რასაც მოსკოვი სეპარატისტულ დედაქალაქებთან ერთად დაჟინებით მოითხოვს, ხელოვნური თემაა, რადგან საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებას.
”საქართველო მოწერილი აქვს ყველაფერზე ყოველთვის ხელი და ყველაფერი წავიდა ცუდად,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას, ”საქართველო არის მშვიდობიანი გადაწყვეტის მომხრე, მაგრამ ეს არის თავიდან ბოლომდე ხელოვნური თემა”.
მისი თქმით, ამ ხელშეკრულებაზე ყუდაღების გადატანა ხდება მთავარი პრობლემიდან, რაც უკავშირდება 16 აპრილის განკარგულებით დაწყებულ საქართველოს ”ღია ანექსიის” პროცესს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის და ძალთა დაშოშრიშორების შესახებ მოსკოვის შეთანხმება მოქმედებს.
”მთავარი პრობლემა დღეს არის არა ის, რომ ჩვენ საკუთარი მოქალაქეების მიმართ არ გამოვიყენოთ ძალა, ჩვენ არ გამოგვიყენებია და არც ვაპირებთ, რომ გამოვიყენოთ, მთავარი პრობლემა არის, რომ მიდის საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ძალიან, ძალიან დაჩქარებული პროცესი, საერთაშორისო სამართლის ნორმების ფეხქვეშ გათელვის ძალიან უხეში პროცესი და დღეს უკვე ყველა ამას ხვდება. სერიოზული შეშფოთება და მსჯელობა მიმდინარეობს ევროპულ დედაქალაქებში და საერთოდ მსოფლიოს დედაქალაქებში და არ გამოუვათ ეს მათ ისე, როგორც ეს მათ წარმოუდგენიათ,”- განაცხადა სააკაშვილმა.
დღეს საღამოს ის საქართველოში ვიზიტად მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება და განიხილავს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით გერმანიის სამფაზიან გეგმას, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე მოიცავს ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის კომპონენტს.