
შტაინმაიერი: ყველა მხარე უნდა დავარწმუნოთ ჩვენი გეგმის აუცილებლობაში
თბილისში ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ გერმანული მხარის მისიია იპოვოს გამოსავალი იმ დაძაბული სიტუაციიდან, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივაა შექმნილი.
”ეს არ გახლავთ ჩვულებრივი ვიზიტი,”- განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ”ეს გახლავთ ვიზიტი, რომელიც ძალიან დაძაბულ სიტუაციაში მიმდინარეობს. ჩვენი მოვალეობაა, როგორც მეგობართა ჯგუფის კოორდინატორის, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ამ ძალიან დაძაბული სიტუაციიდან. ჩვენ ამიტომ წინადადებებით ჩამოვედით, რომელიც უნდა გავაცნოთ რეგიონში ჩვენს ყველა პარტნიორს”.
მას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით გერმანული მხარის მიერ მომზადებული სამფაზიანი გეგმის დეტალები არ გაუხმაურებია. თუმცა კომენტარი გააკეთა აფხაზური მხარის მიერ ამ გეგმის უარყოფაზე და აღნიშნა, რომ მისი მიზანია ყველა მონაწილე მხარე დაარწმუნოს ამ გეგმის აუცილებლობაში.
”ჩვენ კარგად ვიცით, რომ სიტუაციაში, სადაც დიალოგი პრაქტიკულად შეჩერებულია, ჩვენ ძალისხმევა ძალიან რთულია,”- განაცხადა მან, ”მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ ვცადოთ დავარწმუნოთ ყველა მონაწილე მხარე. რაც შეეხება, აფხაზეთში ჩასვლას, მე მგონი ეს შესაძლებლობა ამ მიზნით გამოსაყენებელია”.
ეს კომენტარი გერმანელმა მინისტრმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ბაქრაძემ ასევე შეიკავა თავი გეგმის შემადგენელ კომპონენტებზე და მათ თანმიმდევრობაზე საუბრისაგან.
”დაველოდოთ [გერმანიის საგარეო საქმეთა] მინისტრის ვიზიტს სოხუმში და რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, მოსკოვში,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”იმედი ვიქონიოთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოახერხებს მისი რუსი კოლეგის დარწმუნებას იმაში, რომ რუსეთი უნდა თამაშობდეს კონსტრუქციულ და პოზიტიურ და არა პრობლემების შემქმნელის და კონფლიქტის მხარის როლს, რომელსაც ის დღეს ასრულებს”.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს საღამოს ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება. ის ხვალ დილით სოხუმს ეწვევა და დე ფაქტო პრეზიდენტთან სერგეი ბაღაფშთან გამართავს მოლაპარაკებებს. სოხუმიდან შტაინმაიერი კვლავ ბათუმში დაბრუნდება და მოსკოვში გამგზავრების წინ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ სააკაშვილთან.