ახალი ამბები

რუსეთი გერმანიის მიერ მომზადებული აფხაზური გეგმის შესახებ

პირველ რიგში, ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების უპირობო ხელმოწერაა საჭირო შემდგომში გერმანიის მიერ მომზადებული გეგმის დანარჩენი ასპექტების განსახილველად, მათ შორის დევნილთა დაბრუნების შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 17 ივლისს.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე არის აბსოლუტურად გარდაუვალი პირველი ნაბიჯი,” – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს მოსკოვში თავის სერბ კოლეგასთან ვუკ ჯერემიკთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

”შემდეგ [ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ] შესაძლებელი იქნება სხვა საკითხების განხილვა, მათ შორის დევნილები, ეკონომიკური რეაბილიტაცია, ამ პრობლემის  სოციალური ასპექტები – როგორც ეს გერმანიის სამფაზიან გეგმაშია გათვალისწინებული,” – დასძინა მან.

მისი თქმით, იგი ამ საკითხს თავის გერმანელ კოლეგასთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან განიხილავს, რომელიც მოსკოვში 18 ივლისს, თბილისის და სოხუმის შემდეგ ჩავა.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების დაკავშირება დევნილთა დაბრუნების საკითხთან არასწორი მიდგომაა.

”ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ ეს მოთხოვნა დაუკავშირონ დევნილთა დაბრუნების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას, რაც აბსოლუტურად არარეალურია ამ ეტაპზე,” – განაცხადა მან, ”დევნილთა საკითხი მოითხოვს სიტუაციის დაწყნარებას, ნდობის აღდგენას და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ამ საკითხის განხილვა”.

მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ განცხადების, და არა რეზოლუციის, მიღება, რომელშიც იქნებოდა მოწოდება ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერისკენ; თუმცა, მისი თქმით, ”ის ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაბლოკეს”.

ეს განცხადება რუსეთის პირველი საჯარო რეაქციია გერმანიის მიერ შემუშავებულ სამფაზიან გეგმაზე, რომლის პირველი ფაზა ითვალისწინებს ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ერთწლიან ღონისძიებებს, რაც ასევე გულისხმობს ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესის დაწყებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას, რომლის დროსაც ბერლინი დონორთა სახსრების მოსაზიდად კონფერენციას მოიწვევს, ხოლო მესამე ეტაპი აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას მოიცავს.

ოფიციალური თბილისი ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინააღმდეგია, თუ არ იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების მყარი გარანტიები და დეტალურად გაწერილი სქემა. თბილისი ასევე იმ მოტივით ამბობს უარს შეთანხმების ხელმოწერაზე, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსი სამშვიდობოები ვერ უზრუნველყოფენ შეთანხმების გარანტის როლს. 

Back to top button