ახალი ამბები

ლავროვი: შეთანხმება დევნილთა დაბრუნებაზე ამ ეტაპზე არარეალურია

ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში დაბრუნების პირობების განხილვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისი და სოხუმი ხელს მოაწერენ შეთანხმებას ძალის არგამოყენების თაობაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 17 ივლისს.

”ქართველ დევნილთა დაბრუნების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა ამ ეტაპზე არარეალურია, რადგანაც დევნილთა საკითხი მოითხოვს სიტუაციის დაწყნარებას, ნდობის აღდგენას და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ამ საკითხის განხილვა,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

ეს განცხადება რუსეთის პირველი საჯარო რეაქციია გერმანიის მიერ შემუშავებულ სამფაზიან გეგმაზე, რომლის პირველი ფაზა ითვალისწინებს ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ერთწლიან ღონისძიებებს, რაც ასევე გულისხმობს ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესის დაწყებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას, რომლის დროსაც ბერლინი დონორთა სახსრების მოსაზიდად კონფერენციას მოიწვევს, ხოლო მესამე ეტაპი აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას მოიცავს.

ოფიციალური თბილისი ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის წინააღმდეგია, თუ არ იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების მყარი გარანტიები და დეტალურად გაწერილი სქემა. თბილისი ასევე იმ მოტივით ამბობს უარს შეთანხმების ხელმოწერაზე, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული რუსი სამშვიდობოები ვერ უზრუნველყოფენ შეთანხმების გარანტის როლს. 
 

Back to top button