ახალი ამბები

აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში გერმანია ლიდერის როლს კისრულობს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 17-18 ივლისს თბილისსა და სოხუმს ეწვევა, ხოლო შემდეგ მოსკოვში გაემგზავრება.

”ვიზიტის მიზანია ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად გზების მოძიება ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, მუდმივად მზარდი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად. ეს არის ნდობის აღდგენა და განსაკუთრებული, ყველასთვის მისაღები პირობების შექმნა [კონფლიქტის] მოგვარებისთვის,” – იტყობინება AFP 16 ივლისს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე ანდრეას პეშკეს სიტყვებზე დაყრდნობით. 

გერმანიამ, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფს თავმჯდომარეობს, ცოტა ხნის წინ სამფაზიანი გეგმა მოამზადა აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საჯაროდ საკუთარი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია გეგმასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა უკვე უარყო ეს გეგმა.

გეგმა საჯარო არ არის, თუმცა გერმანული გაზეთის Der Spiegel-ის ცნობით, პირველი ფაზა ითვალისწინებს ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ერთწლიან ღონისძიებებს, რაც ასევე ითვალისწინებს ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესის დაწყებას. მეორე ეტაპი ითვალისწინებს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას, რომლის დროსაც ბერლინი დონორთა სახსრების მოსაზიდად კონფერენციას მოიწვევს, ხოლო მესამე ეტაპი გულისხმობს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ 16 ივლისს განაცხადა, რომ გეგმა ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია და მაღალი დონის დასავლური მონაწილეობა ამ საკითხში მიზნად ისახავს გეგმისთვის საბოლოო ფორმის მიცემას.

”გეგმაში არის პოზიტიური მომენტები, მათ შორის დევნილთა დაბრუნება, ეკონომიკური რეაბილიტაცია და სხვები,” – განაცხადა ლომაიამ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”სამკუთხედში” საუბრისას.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ გეგმას შემდგომი გამყარება სჭირდება რუსეთის როლის განსაზღვრის თვალსაზრისით. ”მან უნდა გაითვალისწინოს რუსეთის ნეგატიური როლი და ასევე უნდა განსაზღვროს, თუ რა როლი შეიძლება ითამაშოს რუსეთმა მომავალში,” – განაცხადა ლომაიამ.

მან აღნიშნა, რომ თბილისსაც აქვს მომზადებული აფხაზეთის სამშვიდობო გეგმა. ”ეს ორი გეგმა შეიძლება შეესაბამებოდეს ერთმანეთს და მათი შერწყმით ჩვენ შეიძლება რეალისტური გეგმა მივიღოთ,” – განაცხადა ლომაიამ.

უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, თბილისის სურვილია, რომ დაუყონებლივ დაიწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება უპირველეს ყოვლისა გალის და ოჩამჩირის რაიონებში; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ეს დაბრუნება უბრალოდ შეუძლებელი იქნება, თუ რუსი სამშვიდობოები იქ კვლავაც დარჩებიან.

ამის სანაცვლოდ, თბილისი გალის და ოჩამჩირის რაიონებში საერთაშორისო ზედამხედვებლობის ქვეშ ქართულ-აფხაზური საპოლიციო ძალის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის.  

ლომაიამ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მზად არის ცალმხრივად შეწყვიტოს რუსული სამშვიდობო ოპერაცია აფხაზეთში, ქართული მხარე არ ჩქარობს და ამჯობინებს მეტი შანსი მისცეს საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა დაარწმუნოს რუსეთი ითამაშოს კონსტრუქციული როლი.

”ჩვენ მივესალმებით თავად იმ ფაქტს, რომ ეს ინიციატივა გერმანიამ აიღო საკუთარ თავზე, რადგანაც გერმანია, ერთის მხრივ, არის წამყვანი ევროპული სახელმწიფო და მეორეს მხრივ, გერმანიას განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს რუსეთთან,” – განაცხადა ლომაიამ.

სოხუმში გამგზავრებამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისიდან ბათუმში ჩავა, სადაც 17 ივლისს პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება. ბათუმში გამგზავრებამდე კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თბილისში ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდება.

 

მსგავსი/Related

Back to top button