
რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა საქართველოს კონფლიქტებზე იმსჯელეს
16 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება სატელეფონო საუბარში განიხილეს.
იმავე დღეს, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება, ტელეფონით დაუკავშირდნენ ერთმანეთს მათი მოადგილეები გრიგორი კარასინი და დანიელ ფრიდი, რომლის დროსაც აფხაზეთის კონფლიქტის სხვადასხვა ასპექტები იქნა განხილული.
”რუსული მხრიდან აქცენტი გაკეთდა უპირველეს საჭიროებაზე, რომ მხარეებმა აიღონ ვალდებულება ძალის არ გამოყენების და ქართული შეიარაღებული ფორმირებების ზემო კოდორის ხეობიდან გაყვანის თაობაზე,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო შეტყობინებაში, ”ეს შექმნიდა ატმოსფეროს დაძაბულობის შესამცირებლად, მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად და მოგვარების საქმეში შემდგომი პროგრესის განსახილველად”.
კონდოლიზა რაისმა 10 ივლისს საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ აქტიურად მუშაობს გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფთან, ”განსაკუთრებით გერმანიასთან”, რათა ”დავაბრუნოთ სამშვიდობო პროცესი უკან”.
ამ პროცესის ფარგლებში დღეს საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა და საქართველოს ხელმძღვანელობასთან მეგობართა ჯგუფის ფარგლებში აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით შემუშავებულ სამ-ფაზიან გეგმას განიხილავს, რის შემდეგაც სოხუმის დე ფაქტო ლიდერებთან განაგრძობს მოლაპარაკებებს. ამის შემდეგ დაგეგმილია ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მოსკოვში ვიზიტი.