ახალი ამბები

ეუთომ რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა განიხილა

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სპეციალურმა სხდომამ 14 ივლისს სამხრეთ ოსეთის თავზე რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი განიხილა.

სხდომამ ასევე მოისმინა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენლის ჰეიკი ტალვიტიეს მოხსენება. ეს უკანასკნელი გასულ კვირას თბილისსა და მოსკოვს სტუმრობდა.

რუსეთმა 10 ივლისს აღიარა, რომ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და ამით თავიდან აიცილა ძალისმიერი გზით ცხინვალის რეგიონში სიტუაციის განვითარება ”გააგრილა რა თბილისში ცხელი თავები”. რუსული მხარის განცხადებით, მან ასევე აღკვეთა ქართული ძალების მიერ სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი სამხედრო შეჭრა ოსური მხარის მიერ ოთხი ქართველი სამხედროს დაკავების საპასუხოდ.

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე რუსეთის დელეგაციამ განაგრძო რუსული თვითმფრინავის ფრენის აქტის გამართლება იმის საჭიროებით, რომ თბილისის დაგეგმილი სამხედრო შეჭრა იქნა აღეკვეთილი.

”რუსულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება საჰაერო ძალების თვითმფრინავი გაეგზავნა, რომელიც ხანმოკლე ფრენას განახორციელებდა კონფლიქტის ზონის თავზე სიტუაციის დადგენის მიზნით,” – განაცხადა ვენაში გამართულ სხდომაზე ეუთოში რუსეთის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმერ ვორონკოვმა, ”ამ პრევენციულმა ღონისძიებამ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ადექვატურად აღიქვა, შესაძლებელი გახადა ძალისმიერი სცენარის და შესაძლო სისხლისღვრის თავიდან აცილება”.

საქართველოს ელჩმა ეუთოში ვიქტორ დოლიძემ განაცხადა სხდომაზე საუბრისას, რომ რუსეთის არგუმენტები ”აგრესიის აქტის” თაობაზე სუსტია და ”სპეკულაციურ ინფორმაციას” ეყრდნობა, თითქოსდა ქართული მხარე სამხედრო შეჭრას გეგმავდა.

მან აღნიშნა, რომ შეთანხმება სამხრეთ ოსურ მხარესთან ოთხი ქართველი სამხედროს გათავისუფლების თაობაზე 8 ივლისს 15:00 საათზე უკვე მიღწეული იყო.

”ეს ფრენები ვეღარ მოემსახურებოდა იმ მიზანს, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია მოცემული, რადგანაც იმ დროისთვის ყველა დაკავებული უკვე სახლისკენ მოემართებოდა,” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

რუსეთის იმ განცხადების საპასუხოდ, რომ სამხედრო თვითმფრინავი ადგილზე ”სიტუაციის დადგენის” მიზნით გამოუშვა, მან აღნიშნა, რომ იმ თვითმფრინავებს, რომლებიც საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოიჭრნენ, არ შეუძლიათ განახორციელონ სადაზვერვო ფრენები.

”კერძოდ, ფრენები განხორციელდა 6 000 მეტრის სიმაღლეზე, რაც თითქმის გამორიცხავს მიწაზე რაიმეს გარჩევას ვიზუალურად, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ბინდიან საღამოს,” – განაცხადა ქართველმა დიპლომატმა, ”და ბოლო, თუმცა არც თუ უმნიშვნელო ფაქტია, რომ ქართულ მხარეს ბევრი მტკიცებულება გააჩნია – მათ შორის სარადარო მონაცემები – თუ როგორ ახორციელებდნენ რუსული თვითმფრინავები ჩვენი ტერიტორიის საჰაერო დაზვერვას შემოსვლის გარეშე, საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ფრენის დროს”.

დოლიძის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის პირდაპირმა აღიარებამ მიანიშნა მოსკოვის სურვილზე უჩვენოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ”არსებობს ქვეყნები, რომელთაც რუსეთის ფედერაცია თავის ”გავლენის სფეროებად” მიიჩნევს, სადაც მას შეუძლია, როგორც უნდა ისე მოიქცეს და სადაც საერთაშორისო საზოგადოებას ვერაფერს ვერ გააკეთებს”.

თავიანთ გამოსვლებში სხდომაზე ევროკავშირის ფრანგული თავმჯდომარეობის და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა დაგმეს რუსეთის ქმედება საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე თვითმფრინავის გაგზავნის თაობაზე.

თუმცა, მათი განცხადებები განსხვავებული იყო იმ ნაწილში, რომელიც მოლაპარაკებების განახლების საჭიროებას შეეხებოდა.

მაშინ როდესაც ევროკავშირმა მოუწოდა მოლაპარაკებების დაუყონებლივ განახლებისკენ ”ყველა არსებულ ფორმატში – შსკ-ს ჩათვლით,” აშშ-მ მოუწოდა მოლაპარაკებებისკენ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მონაწილეობით, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობს და რომელსაც ცხინვალი და მოსკოვი თბილისის ”მარიონეტად” მიიჩნევენ. 

”ჩვენ უნდა მოვუწოდოთ დიალოგის განახლებისკენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის, ეუთოს და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით,” – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა სამუელ ლეუჩლიმ სხდომაზე.

შერეული საკონტოლო კომისია, რომელიც ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს, ამჟამად მოლაპაპაკებების ერთადერთი ფორმატია. თბილისმა მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ შსკ-ს ფორმატით მოლაპარაკებებში აღარ მიიღებს მონაწილეობას.

ქართული მხარე ამ ფორმატის ახალი ფორმულით 2+2+2 შეცვლის ინიციატივით გამოდის, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. ამ ინიციატივას მოსკოვი და ცხინვალი ეწინააღმდეგებიან.

 

მსგავსი/Related

Back to top button