
ოქრუაშვილის პარტია და ეროვნული ფორუმი შესაძლოა გაერთიანდნენ
ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილი მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის და ეროვნული ფორუმი შესაძლოა ერთ პარტიად ჩამოყალიბდეს.
ამ საკითხზე კონსულტაციების მიმდინარეობას ადასტურებს ოქრუაშვილის პარტიის გენერალური მდივანი ეკა ბესელია გაზეთ ”რეზონანსთან” 16 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
”ნამდვილად განიხილება ეროვნულ ფორუმთან გაერთიანების საკითხი,”- აცხადებს ის, ”ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ და ყველაზე საიმედო პოლიტიკურ პარტნიორად გვესახება ეროვნული ფორუმი და მისი ლიდერები… კონსულტაციები მიდის… და ვფიქრობთ, რომ ზაფხულის ბოლომდე ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ”.
ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა Civil.ge-ს განუცხადა, რომ ჯერ-ჯერობით არც კონსულტაციები დაწყებულა და არც რაიმე გადაწყვეტილებაა მიღებული გაერთიანების თაობაზე. მან ამ საკითხზე ვრცელ საუბარს თავი აარიდა.
ინტერვიუში ბესელია ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის სუბიექტების ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბების იდეას.
გაერთიანებულ ოპოზიციაში ექვსი სუბიექტი – ახალი მემარჯვენეები, კონსერვატორები, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, საქართველოს გზა, ეროვნული ფორუმი და ხალხის პარტია – დარჩა მას შემდეგ, რაც პარტია თავისუფლებამ, ქართულმა დასმა და ჩვენ თვითონ დატოვეს ბლოკი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
”ყველაზე იდეალურია თუ მოხდება ერთი პარტიის ჩამოყალიბება და ერთიანი ფრონტით ბრძოლა, რადგან ეს გაცილებით გააძლიერებს და შეამოკლებს ბრძოლას ამ რეჟიმის შესაცვლელად”- აცხადებს ბესელია, ”ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ყველა პოლიტიკოსი და ყველა პარტიის ლიდერი საკუთარ ამბიციებს გადადებს გვერდზე და ქვეყნის ინტერესებს დააყენებს ყველაზე მაღლა”.
ცოტა ხნის წინ ახალმა მემარჯვენეებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ერთ პარტიად არ გარდაიქმნება.