ახალი ამბები

უმრავლესობამ სახალხო დამცველს შეუტია

მმართველი პარტიის დეპუტატებმა სახალხო დამცველს სოზარ სუბარს შეუტიეს და მის მოხსენებას ”პოლიტიკურად ანგაჟირებული” და ”არაკომპეტენტური” უწოდეს, რაც მათი თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს. 

15 ივლისს სახალხო დამცველი პარლამენტში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშით წარსდგა, რომელთაგან ერთი, 744-გვერდიანი მოხსენება 2007 წლის პირველი ნახევარს ფარავდა, ხოლო მეორე 633-გვერდიანი 2007 წლის მეორე ნახევარს ეხებოდა.

სახალხო დამცველმა თავისი გამოსვლა პარლამენტში, როგორც მან განაცხადა, მედიის თავისუფლების გაუარესების საკითხით დაიწყო. ამ კუთხით, მან გაიხსენა ტელეკომპანია ”იმედის” გარშემო არსებული ვითარება, კერძოდ სპეცრაზმის მიერ ტელეკომპანიის დარბევა 2007 წლის 7 ნოემბერს, რასაც ტელეკომპანიის აპარატურის გადადგურება და ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფა მოყვა.

”არავინ აგო პასუხი ჟურნალისტების და ტელეკომპანია ”იმედის” წინააღმდეგ განხორციელებული იმ არაჰუმანური ქმედებების გამო,” – განაცხადა სუბარმა.

შემდეგ მან ისაუბრა ბოლო დროს ტელეკომპანია ”კავკასიის” და ლაგოდეხში განთავსებული რადიო ”ჰერეთის” გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. მისი თქმით, ”კავკასიაც” და ”ჰერეთიც” პრობლემების წინაშე დგანან, რადგანაც ბიზნესმენებს აიძულებენ გამოიტანონ იქ განთავსებული რეკლამები.

მან ასევე დაგმო საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება სტუდია ”მაესტროსთვის” პოლიტიკური პროგრამების გაშვების ლიცენზიაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. სუბარის თქმით, კომისია განზრახ აჭიანურებს სასამართლო განხილვებს ამ საქმესთან დაკავშირებით.

შემდეგ სუბარმა შეკრების თავისუფლების უფლების დარღვევაზე გაამახვილა ყურადღება.

”ნოემბრის მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ხელისუფლება შეუწყნარებელია დემონსტრაციების მიმართ,” – განაცხადა მან.

არა მხოლოდ გადაჭარბებული ძალა იქნა გამოყენებული 7 ნოემბერს დემონსტრაციის დასაშლელად, განაცხადა სუბარმა, არამედ იარაღიც იქნა გამოყენებული. მისი თქმით, სამმა მომიტინგემ რიყეზე აქციის დაშლიასას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიიღო, რასაც ”ალტერნატიული ექსპერტიზა ადასტურებს”.

სუბარის თქმით, გარდა გადაჭარბებული ძალისა, სამართალდამცავებმა გამოიყენეს რეზინის ტყვიები, რაც უკანონოა. სახალხო დამცველმა ამის დასასაბუთებლად მოიყვანა კანონი პოლიციის შესახებ, სადაც ჩამოთვლილია ის სპეციალური საშუალებები, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმს უნდა გააჩნდეს. ამ ჩამონათვალში შედის ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტი, თუმცა არა რეზინის ტყვიები.

”ამრიგად, უნდა დადგეს არა კონკრეტული სპეცრაზმელის პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ პასუხი უნდა აგონ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელთა ბრძანებითაც მოხდა რეზინის ტყვიების შეძენა და შემდეგ გამოყენება, ” – განუცხადა სუბარმა დეპუტატებს.

მან ასევე მოიყვანა ბათუმში 8 ნოემბერს უნივერსიტეტის ეზოში აქციის დარბევის ფაქტი, რომლის დროსაც დაზიანდა ორი ფეხმძიმე ქალბატონი, რამაც გამოიწვია მათი ფეხმძიმობის შეწყვეტა. ანალოგიურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 7 ნოემბერს ტელეკომპანია ”იმედში” შეჭრის დროს, როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტის ფეხმძიმობა შეწყდა.

სუბარმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ საკუთრების უფლებების დარღვევის ზრდის ტენდენცია 2004 წელს დაიწყო, ხოლო 2007 წელს ”განსაკუთრებით შემაშფოთებელი” გახდა.

”საკუთრების უფლებების დარღვევა შეიცავდა კანონიერად აშენებული შენობების დანგრევას, მესაკუთრეთა დაშინებას, რომელთაც ემუქრებოდნენ, რომ მათ ახლობლებს ნარკოტიკების ჩაუდებდნენ და დაიჭერდნენ, თუ ისინი უარს იტყოდნენ ნებით გადაეცათ თავიანთი საკუთრება სახელმწიფოსთვის,” – განაცხადა სუბარმა. ”შუახევში 150 ოჯახს ჩამოართვეს ქონება, თუმცა სახელმწიფომ მათი საკუთრების უფლება [5 იანვრის] საპრეზიდენტო არჩევნების წინ აღადგინა”.

მისი თქმით, კერძო საკუთრების შელახვა გამოირჩეოდა ”დაუსჯელობის სინდრომით”, რაც ამ პროცესს მეტ წახალისებას აძლევდა. მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ აღიარა ამ კუთხით დაშვებული შეცდომები, ”თუმცა  მხოლოდ შეცდომების აღიარება არაფერს არ ნიშნავს, თუ არ მოხდება მათი [კერძო მესაკუთრეთა] ზარალის ანაზღაურება”.

მან ასევე განაცხადა, რომ წინა მოწვევის პარლამენტმა ”არ მოინდობა ან ვერ მოასწრო” მისი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა კერძო საკუთრების დაცვის შესახებ. 

სუბარის წინა წლების მოხსენებებისგან განსხვავებით, დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან ბევრი შეკითხვა დასვეს მის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით. 

ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მდგომარეობას გალის რაიონში. დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა მმართველი პარტიიდან ჰკითხა სახალხო დამცველს, თუ რატომ მოხდა ამ საკითხის იგნორირება მის მოხსენებაში. სუბარმა უპასუხა, რომ მის მოხსენებაში ამ საკითხს 25 გვერდი დაეთმო.

მეორე კითხვა, რომელიც ასევე ხათუნა გოგორიშვილმა დასვა, ეხებოდა მოხსენების იმ ნაწილის განმარტებას, რომელიც ასახავდა, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სომხეთის ეკლესიას შორის არსებულ დავას საქართველოში რამდენიმე ეკლესიასთან დაკავშირებით. მან ასევე ითხოვა დაკონკრეტება, თუ რა იგულისხმებოდა ქართულ მედიაში ”ქსენოფობიურ გამოვლენებში”. ამ განცხადებების შემდეგ, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ქართული დასიდან განუცხადა სახალხო დამცველს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ”დადებითადაა განწყობილი” მის მიმართ, სუბარის განცხადებამ მედიაში ”ქსენოფობიური გამოვლენების” თაობაზე და მისმა პოზიციამ სადავო ეკლესიებზე ყველაფერი დადებითი გადაფარა.

თუმცა, საერთო ჯამში, საპარლამენტო უმცირესობა მიესალმა სახალხო დამცველის მოხსენებას, მაინც გაისმა რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა. დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან ლევან ვეფხვაძემ უთხრა სუბარს, რომ მისი უუნარობა დაეცვა საკუთარი უფლებები (7 ნოემბრის მოვლენების დროს), სახალხო დამცველის აპარატის დისკრედიტაციას ახდენს, რადგანაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ომბუდსმენი სხვების უფლებების დაცვასაც ვერ შეძლებს. 

”სახალხო დამცველის გამოსვლა, როგორც მოსალოდნელი იყო, იყო ცალმხრივი, მიკერძოებული, პოლიტიკურად მოტივირებული და არაკომპეტენტური,” განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა, ”ამგვარმა ცალმხრივმა მოხსენებებმა მოახდინა სახალხო დამცველი ინსტიტუციის დისკრედიტაცია”.

”თქვენი მოხსენება სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციის ტოლფასია,” – განაცხადა დეპუტატმა ელდარ კვერნაძემ მმართველი პარტიიდან, ”საქართველოში ყველა ინსტიტუტი გაძლიერდა სახალხო დაცველის აპარატის გარდა. ჩვენ მოვისმინეთ პოლიტიკურად მოტივირებული მოხსენება.”

დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა 7 ნოემბრის მოვლენებზე ისე ისაუბრა, რომ ამ ისტორიის მთლიანი კონტექსტი არ გაითვალისწინა.

მისი თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაციები არა პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვისთვის მოეწყო, არამედ ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით.

”არანაირი სხვაობა არ იყო ოპოზიციის განცხადებებსა და ჩვენს მიერ მოსმენილ მოხსენებას შორის. ეს იყო ოპოზიციური პოლიტიკოსის ტიპიური გამოსვლა. ჩვენ მხოლოდ ჭორები მოვისმინეთ,” – განაცხადა გაბაშვილმა, ”7 ნოემბრის მოვლენების შესახებ ძალიან ცალმხრივი შეფასება მოვისმინეთ”.

”მოხსენება, რომელიც მხოლოდ ნეგატიურ საკითხებს ეფუძნება სიღრმისეული ობიექტური ანალიზის გარეშე, ოპოზიციური პოლიტიკოსის განცხადებას ემსგავსება  და სახალხო დამცველის მთლიანი აპარატის დისკრედიტაციას ახდენს,” – დასძინა გაბაშვილმა.

სოზარ სუბარმა კრიტიკაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ მან წმინდა ფაქტები წარმოადგინა და ვერ გაიგო, თუ რას გულისხმობდნენ მმართველი პარტიის დეპუტატები ”ობიქტური შეფასების საჭიროებაში”.

მოსმენის შემდეგ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც მან ”ცნობად მიიღო სახალხო დამცველის მოხსენება” – ანალოგიური ფორმულირება იქნა გამოყენებული წინა მოწვევის პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის 2006 წლის მოხსენების მიმართ.

”რა თქმა უნდა პარლამენტზეა დამოკიდებული ცნობად მიიღებს მოხსენებას, თუ დაავალებს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს რეაგირება მოახდინონ მასზე; მაგრამ თუ პარლამენტი ამას არ გააკეთებს, იქნება იმის საშიშროება, რომ არ იქნება გამოძიებული ანგარიშში მოყვანილი კონკრეტული ფაქტები, დამნაშავეები არ  დაისჯებიან და ეს ტენდენციები იქნება გაგრძელებული,” – განაცხადა სუბარმა.
 

 

Back to top button