
საქართველომ თავდაცვის დაფინანსება, შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა
პარლამენტმა 97 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას საქართველოს შეიარაღებული ძალების 32-დან 37 ათასამდე გაზრდის თაობაზე. ამ გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტმა რიგგარეშე წესით მოითხოვა. დეპუტატებმა ასევე დაუჭირეს მხარი თავდაცვის დაფინანსებას გაზრდას 295 მილიონი ლარით.
”ამ ღონისძიებას განაპირობებს საერთაშორისო ვალდებულების შესრულება ქვეყნის მიერ და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამარცხვინო ნაბიჯები, რომელსაც თითქმის ყოველდღიური ხასიათი მიეცა რუსეთის მხრიდან და მისი პროვოკაციული მოქმედებების შედეგად არსებული საფრთხეების კიდევ უფრო მკვეთრი ზრდა კონფლიქტურ რეგიონებში, რასაც აუცილებელია მოჰყვეს ზომები უსაფრთხოების გაზრდის მიმართულებით,”- განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ დეკანოიძემ კანონპროექტის პრეზენტაციისას.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 28 991 სამხედროა, მათ შორის 366 სამოქალაქო მოსამსახურე. 5 ათასით გაზრდილი კონტიგენტი სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდება, მეტწილად საჰაერო და საზღვაო ძალებში. მათი დაფინანსება გათვალისწინებულია 2008 წლის გაზრდილ ბიუჯეტში.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, დღეს საქართველო ”ყველაზე მაღალი საფრთხის რისკის წინაშე დგას”.
”საფრთხეების შეფასებამ გვიჩვენა, რომ საფრთხეები გაიზარდა და რუსეთის აგრესიული ქმედებების შემდეგ კრიტიკულ დონეს მიაღწია. ეს არის სრულიად ადეკვატური პასუხი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იყოს შესაბამის დონეზე ამ კონკრეტულ მომენტში,” – განაცხადა გივი თარგამაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად შეიარაღებული ძალების ზრდისა, საქართველოს რეგიონში მაინც ყველაზე მცირერიცხოვანი არმია ჰყავს, თუმცა ”ჩემი აზრით ხარისხობრივად ყველაზე მაღალ დონეზე მომზადებული”.
მეორე მიზეზი, თარგამაძის თქმით, არის საქართველოს ვალდებულება ერაყის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის თაობაზე.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ნიკა რურუამ განაცხადა ადრე, რომ საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში ”არ უნდა მოხდეს საქართველოს შიდა საფრთხეების [წინააღმდეგ დაცვის] ხარჯზე”.
ამჟამად 2 000 ქართველი სამხედროა განთავსებული ერაყში.
დეპუტატმა გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ მესამე მიზეზი შეიარაღებული ძალების გაზრდისა არის საქართველოს მისწრაფება თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა და ძალები ნატოს სტანდარტებს დაუახლოვოს.
დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების ზრდა არ ნიშნავს, რომ თბილისი თვითგამოცხადებულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენის მიზნით ძალის გამოყენებისთვის ემზადება.
”ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი პრიორიტეტია ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის და იმისათვის, რომ პასუხი გავცეთ აგრესორების მიერ დადგმულ ნებისმიერ პროვოკაციას,” – განაცხადა მან.
დღესვე პარლამენტმა მიიღო ცვლილებები 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის თანახმადაც იზრდება თავდაცვის დაფინანსება 295 მილიონი ლარით. შედეგად, თავდაცვის ბიუჯეტი 1.395 მილიარდ ლარს მიაღწევს.
დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან თავდაცვის დაფინანსების ზრდა ისევ გარე საფრთხეების არსებობით გაამართლეს, კერძოდ კი რუსეთის ქმედებით თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებაში.
დეპუტატმა ნიკა რურუამ განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემის და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერება გაზრდილი დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მან ასევე აღნიშნა, რომ იგეგმება საჰაერო თავდაცვის სისტემების და თვითმფრინავების შეძენა.