ახალი ამბები

ლევან ბეჟაშვილი კონტროლის პალატის თავმჯდომარეა

დღეს პარლამენტმა 98 ხმით 1-ის წინააღმდეგ კონტროლის პალატის თავმჯდომარედ 5 წლის ვადით კახეთში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან ბეჟაშვილი დაამტკიცა.

ლევან ბეჟაშვილმა კახეთის რეგიონი თებერვალში ჩაიბარა. მანამდე ის 2004 წლის მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

მან ახალ პოსტზე ლევან ჭოლაძე შეცვალა, რომელსაც საკუთარი განცხადების საფუძველზე პარლამენტმა უფლებამოსილება 11 ივლისს შეუწყვიტა. 5 წლით არჩეული ჭოლაძე წელიწადზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა კონტროლის პალატას.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დემოკრატიული განვითარების ფონდის პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ რადიო ”იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკრიტიკა კონტროლის პალატის ხელმძღვანელის შეცვლა, როგორც პიროვნებებზე ორიენტირებული ტრადიციის გაგრძელება, რაც ხელს არ უწყობს ქვეყანაში ინსტიტუტების გაძლიერებას. კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის პრეროგატივა პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კონტროლის პალატის რეფორმირება და ამ უწყების საქმიანობის მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის მიღება იგეგმება, რათა ”გაიზარდოს კონტროლის პალატის ეფექტურობა, დამოუკიდებლობის ხარისხი და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა”.

კონტროლის პალატა ქუთაისში გადადის, რაც ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ”ეტაპობრივად” და ” ”ხავერდოვნად” მოხდება. პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტის არჩევნების წინ განაცხადა, რომ ქუთაისი ”მეორე დედაქალაქი” უნდა გახდეს და იქ უნდა გადავიდეს კონტროლის პალატა, საგზაო დეპარტამენტი და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საუბრისას უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ამ გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა და მოუწოდა ხელისუფლებას გადახედოს ამ წინასაარჩევნო კონიუქტურით განპირობებულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, არ ღირს ამ მიზნით 18 მლნ ლარის დახარჯვა.

მან იმავდროულად განაცხადა, რომ  ნდობის მანდატს აძლევს  ლევან ბეჟაშვილს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ფინანსური საქმიანობის მაკონტროლებელ უმცირესობის ”ფუნქციონალურ მოკავშირეს”.

Back to top button