ახალი ამბები

რუსეთი თანახმაა გაიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს თბილისის მიერ მოთხოვნილი სხდომა

რუსული მხარე თანახმაა მიიღოს მონაწილეობა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომლის მოწვევა თბილისმა რუსული სამხედრო ძალების თვითმფრინავების მიერ 8 ივლისს ცხინვალის რეგიონში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ინციდენტის განსახილველად მოითხოვა.

”რუსული მხარე მზადაა საკითხების მთელი კომპლექსის განსახილველად, რომლებიც უკავშირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შექმნილ სიტუაციას, მათ შორის ამ თემაზე გაეროს უშიშროების საბჭოზე ჩვენს მიერ შეტანილი რეზოლუციის პროექტის კონტექსტში… რათა კვლავ მივაქციოთ მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღება ქართული პროვოკაციების მთელ რიგს, რასაც რეგიონში ვითარება საშიშ ზღვრამდე მიჰყავს”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება 14 ივლისს.

რუსეთმა 10 ივლისს აღიარა, რომ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე ცხინვალის რეგიონში. ამ ”უპრეცედენტო” აღიარებას თბილისმა ღია აგრესია უწოდა და რუსეთში ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიწვია; ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ამ ქმედების დაგმობისაკენ, მათ შორის მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეკრება ამ საკითხის განსახლველად.

”ქართული მხარე კვლავ ცდილობს ანტი-რუსული ხმაური ატეხოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებიდან,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ”იძულებული იყო” განეხორციელებინა ფრენები სამხრეთ ოსეთში თბილისის შეიარაღებული თავდასხმის პრევენციის მიზნით.

”ყველა ობიექტური ნიშნის მიხედვით თბილისი მზად იყო შეიარაღებული თავდასხმა განეხორციელებინა სამხრეთ ოსეთზე,” – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ”ჩვენმა დროულმა ნაბიჯებმა ხელი შეუშალა სიტუაციის საშიშ განვითარებას”.

Back to top button