
კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ ”მაესტროს” სარჩელის განხილვა გადაიდო
სტუდია ”მაესტრომ”, რომელსაც დავა აქვს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან პოლიტიკური გადაცემების გაშვების ლიცენზიასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ კომისია განზრახ აჭიანურებს სასამართლო მოსმენას.
სტუდია ”მაესტროს” სარჩელის არსებითი განხილვა კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს 14 ივლისს უნდა განეახლებინა. თუმცა, მოსმენა 10 სექტემბრისთვის გადაიდო, რადგანაც კომისიის წარმომადგენლები მოსმენაზე არ მივიდნენ იმ მიზეზით, რომ სხვა ქალაქში იმყოფებოდნენ მივლინებით.
”მაესტრო” ასაჩივრებს კომისიის მიერ 4 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც სტუდია ”მაესტროს” უარი ეთქვა ახალი ლიცენზიის გაცემაზე, რაც შემეცნებით-გასართობ პროგრამებთან ერთად საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშვების საშუალებას მისცემდა.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა ღლონტმა 14 ივლისს Civil.Ge-ს განუცხადა, რომ სასამართლო მოსმენის გადადება პრობლემებს უქმნის ტელეკომპანიას. ”ეს საქმე რომც მოვიგოთ, ძალიან გაგვიჭირდება პროგრამების სექტემბერში გაშვება, როდესაც ახალი სეზონი იწყება,” – განაცხადა ღლონტმა.