ახალი ამბები

შეწყვიტეთ ძირგამომთხრელი მიდგომა შსკ-ს მიმართ – მიმართავს მოსკოვი თბილისს

საქართველოს აგრესიული პოლიტიკა, რომელმაც გაზარდა დაძაბულობა სამხრეთ ოსეთში, მიზნად ისახავს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 ივლისს.

სამინისტროს თქმით, ეს საკითხი იქნა განხილული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შორის 11 ივლისს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე.

”სერგეი ლავროვი და ედუარდ კოკოითი იზიარებენ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უსაფრთხოება და სტაბილურობა კონფლიქტის ზონაში შესაძლოა უზრუნველყოფილ იქნას მხოლოდ კონფლიქტის მხარეებს შორის არსებულ ფორმატში დიალოგის დაუყონებლივ აღდგენის შემთხვევაში,” განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ, ”მათ [ლავროვმა და კოკოითმა] მოუწოდეს ქართულ მხარეს შეწყვიტოს შერეული საკონტროლო კომისიის ძირგამომთხრელი და მისი ახლით შეცვლის მცდელობები”.

თბილისმა მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ შსკ-ს ფორმატით მოლაპარაკებებში აღარ მიიღებს მონაწილეობას.

ქართული მხარე ამ ფორმატის ახალი ფორმულით 2+2+2 შეცვლის ინიციატივით გამოდის, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. ამ ინიციატივას მოსკოვი და ცხინვალი ეწინააღმდეგებიან.

რუსეთი ივლისის ბოლოს მოსკოვში შსკ-ს სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, ხოლო სამხრეთ ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ მზად არის სხდომას ცხინვალში უმასპინძლოს. თუმცა, თბილისმა ეს წინადადებები უარყო.

Back to top button