ახალი ამბები

კონსტანტინე გამსახურდია გაერთიანებულ ოპოზიციას აკრიტიკებს

პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, რომ მას ვეღარ წარმოუდგენია თანამშრომლობა გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნულ საბჭოში შემავალ ”ფსევდო ოპოზიციონერებთან”.

მან ”რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში გააკრიტიკა ოპოზიცია ხელისუფლებასთან ”გარიგების” გამო.

”მე წავედი მსხვერპლზე ერთიანობის იდეის გამო, თუმცა შედეგი ნამდვილად სავალალოა – სააკაშვილის მმართველობა დღეს ისე ძლიერია, როგორც არასდროს,”- განაცხადა გამსახურდიამ, ”ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას თავს ვერ აირიდებს ოპოზიცია, რომლის უნიათობამ, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, მისი ცალკეული წარმომადგენლების ფარულმა გარიგებებმა ბურჯანაძესა და სააკაშვილთან ყველაფერი ძველებურად დატოვა. ამიტომაც მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თანამშრომლობა ასეთ ფსევდო ოპოზიციასთან”.   

თუმცა პარტია თავისუფლების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამსახურდიას ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ ის ტოვებს გაერთიანებული ოპოზიციის რიგებს. ამავე ცნობით, გამსახურდია უახლოეს დღეებში გააკეთებს განცხადებას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და არ არის გამორიცხული ოპოზიციას თანამშრომლობის ახალი ფორმატი შესთავაზოს.

კონსტანტინე გამსახურდიამ, გაერთიანებული ოპოზიციის 11 წარმომადგენლის მსგავსად, უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე. თუმცა მან თავიდანვე არ გამორიცხა გაერთიანებული ოპოზიციის რიგების დატოვება.

მსგავსი/Related

Back to top button