
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული საქართველოს ეწვევა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული კავკასიის საკითხებში ჰანს-დიტერ ლუკასი 12-14 ივლის თბილისსა და სოხუმს ეწვევა, იტყობინება გერმანიის საელჩო საქართველოში.
თბილისში ჰანს-დიტერ ლუკასი შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ეკა ტყეშელაშვილთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან ალექსანდრე ლომაიასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან.
სოხუმში დაგეგმილია შეხვედრები დე-ფაქტო პრეზიდენტთან სერგეი ბაღაფშთან და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან.
საქართველოში გერმანიის საელჩოს ცნობით, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში გამწვავებული ვითარების ფონზე ვიზიტი ემსახურება კონსულტაციების გაგრძელებას კონფლიქტის დარეგულირების ახალი ინიციატივების შესახებ. ”ამით გერმანია განსაკუთრებულ ვალდებულებას იღებს, როგორც აფხაზეთის კონფლიქტში გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის კოორდინატორი,”- აცხადებს საელჩო.
მეგობართა ჯგუფი ბოლოს ივნისში ბერლინში შეიკრიბა და გერმანიის მიერ მომზადებული სამეტაპიანი გეგმა განიხილა, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტს ეხება.
გერმანული გაზეთის ”შპიგელის” ცნობით, ამ გეგმის პირველი ფაზა ითვალისწინებს ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ერთწლიან ღონისძიებებს, რაც ასევე მოიცავს ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესის დაწყებას; მეორე ეტაპი ითვალისწინებს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას, რომლის დროსაც ბერლინი დონორთა სახსრების მოსაზიდად კონფერენციას მოიწვევს; ხოლო მესამე ეტაპი გულისხმობს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას.