ახალი ამბები

პარლამენტი რუსეთთან დაძაბულობის ფონზე საერთაშორისო მხარდაჭერას ითხოვს

საქართველოს პარლამენტმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას რეალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს თბილისის მცდელობას საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შექმნის თაობაზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო იძულებული გახდება ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღოს და რუსი სამშვიდობოების გაყვანა მოითხოვოს.

პარლამენტის მიერ 11 ივლისს 103 ხმით ერთხმად მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების შემდეგ რუსეთი ვეღარ ითამაშებს მშვიდობისმყოფელის როლს რეგიონში.

განცხადებაში პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ”მხარი დაუჭირონ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს არსებული სამშვიდობო ფორმატების შეცვლას და ე. წ. სამშვიდობო კონტინგენტების საერთაშორისო საპოლიციო ძალებით დაუყოვნებლივ ჩანაცვლებას”. 

”წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მხარე იძულებული იქნება, უახლოეს მომავალში მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი ზომები კონფლიქტების ზონებში მოქმედი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დელეგიტიმაციისა და უსწრაფესად გაყვანის მიზნით,” – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ივნისში განაცხადეს, რომ ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა სთხოვეს მათ არ იჩქარონ რუსი სამშვიდობოების გაყვანის მოთხოვნა და ამ საკითხზე რუსულ მხარესთან მუშაობის შანსი მისცენ მათ.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა  ივნისის ბოლოს ბერლინში პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები უნდა დარჩნენ აფხაზეთში, სანამ მათი ალტერნატივა მოიძებნება.

თბილისი გალსა და ოჩამჩირეში რუსი სამშვიდობოების ნაცვლად ერთობლივი ქართულ-აფხაზური საპოლიციო ძალის შექმნის ინიციატივით გამოდის. 

საქართველოს პარლამენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსული თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევამ და შემდეგ რუსეთის მიერ ამ ფაქტის აღიარებამ წარმოაჩინა რუსეთის უუნარობა რეგიონში მშვიდობისმყოფელის როლი შეასრულოს.

”ამ აგრესიის აქტის უპრეცედენტო აღიარებით რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობას დაანახოს, რომ თავს უფლებას აძლევს, საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფით, საკუთარი შეხედულებისამებრ, დაუფარავად განახორციელოს სამხედრო მოქმედებები და აფეთქებასაშიში ვითარება შექმნას მთელ რეგიონში,” – ნათქვამია განცხადებაში.

”რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ღიად უწყობენ ხელს და დახმარებას უწევენ სეპარატისტული რეჟიმების უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს, რითაც ფაქტობრივად მხარს უჭერენ ტერორიზმს საქართველოს ტერიტორიაზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

Back to top button