
ევროკავშირმა რუსეთთან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა განიხილა
ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ ”უკმაყოფილება” გამოხატა 8 ივლისს რუსული თვითმფრინავის საქართველოს საჰაერო სივრცეში შეჭრის გამო და განაცხადა, რომ ევროკავშირმა განიხილა ეს საკითხი რუსეთის ხელისუფლებასთან.
სოლანამ, რომელიც 11 ივლისს ტელეფონით ესაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს, ”სერიოზული შეშფოთება” გამოხატა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული დაძაბულობის გამო, იტყობინება მისი პრესსამსახური.
მან ასევე მოუწოდა მხარეებს ”თავშეკავება გამოიჩინონ და ყველაფერი გააკეთონ კონფლიქტურ ზონებში დაძაბულობის განმუხტვის მიზნით” და აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავაც გაადევნებს თვალს არსებულ ვითარებას. სოლანამ ასევე განაცხადა, რომ კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის გზით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 9 ივლისს განაცხადა, რომ 8 ივლისს საღამოს საქართველოს საჰაერო სივრცე, სამხრეთ ოსეთის თავზე ოთხმა თვითმფრინავმა დაარღვია, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან შემოფრინდნენ. ორი თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში დაახლოებით 20:11 საათზე შემოფრინდა როკის გვირაბის თავზე, ხოლო მოგვიანებით მათ კიდევ ორი თვითმფრინავი მოყვა. თვითმფრინავებმა საქართველოს საჰაერო სივრცეში დაახლოებით 40 წუთი დაჰყვეს და შემდეგ უკან, რუსეთის ფედერაციაში დაბრუნდნენ.
რუსეთმა 10 ივლისს აღიარა, რომ თვითმფრინავები იმიტომ გააგზავნა, რომ სამხრეთ ოსეთში დაძაბულობა განემუხტა, რაც მოყვა სამხრეთ ოსური მხარის მიერ ოთხი ქართველი სამხედროს დაკავებას. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ქართული ძალები სამხრეთ ოსეთში შეჭრას გეგმავდნენ.