
ლავროვი მოსკოვში კოკოითს შეხვდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 11 ივლისს მოსკოვში სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა. ამ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა.
”ყველაზე მთავარია სიტუაციის პოლიტიკურ კალაპოტში გადატანა. აბსოლუტურად აუცილებელი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს იურიდიულად სავალდებულო წესით მოლაპარაკება, რომ არ იქნას დაშვებული რაიმე სახით ძალისმიერი მეთოდები კონფლიქტის მოგვარების მიზნით,” – განაცხადა ლავროვმა კოკოითთან შეხვედრაზე, რომლის ვიდეოჩანაწერიც ტელევიზიებმა უჩვენეს.
”ჩვენ უნდა შევქმნათ პირობები იმისთვის, რომ ქართველ, რუს და ოს ხალხებს და აფხაზ ხალხს შეგვეძლოს ნორმალურად, კონსტრუქციულად, კეთილმეზობლურად თანამშრომლობა ამ მშვენიერი ტერიტორიის განვითარებისთვის, რომ ადამიანებს იქ უხაროდეთ ცხოვრება და არ ცხოვრობდნენ მუდმივი მუქარის ქვეშ. თუ ჩვენ ამაზე მოვახდენთ კონცენტრირებას – იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ, მაშინ ვფიქრობ, რომ ყველაფერი დანარჩენი გადაწყდება,”- განაცხადა ლავროვმა.
ლავროვი ასევე მიესალმა სამხრეთ ოსეთის ”ერთგულებას პოლიტიკური პროცესის”, კერძოდ კი არსებული მექანიზმის – შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მოლაპარაკებების გაგრძელების საჭიროების მიმართ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ თბილისი ”დაუბრუნდება ამ ერთადერთ არსებულ მექანიზმს”.
კოკოითმა განუცხადა ლავროვს, რომ ცხინვალს მიაჩნია, რომ შსკ მოლაპარაკებების ”უნიკალური” მექანიზმია.
კოკოითმა მადლობა გადაუხადა რუსეთს მისი ”ოპერატიული და დროული რეაგირების” გამო საომარი მოქმედებების განახლების საფრთხის მიმართ, რომელიც, მისი თქმით, 8 ივლისს რეალური იყო სამხრეთ ოსეთში. რუსეთმა 10 ივლისს განაცხადა, რომ თავისი სამხედრო თვითმფრინავები გააგზავნა საქართველოს საჰაერო სივრცეში, რათა თავიდან აეცილებინა ქართული ძალების მოსალოდნელი შეჭრა რეგიონში.
კოკოითმა ასევე უთხრა ლავროვს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტებს როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში.