
საქართველო დაძაბულობის გამწვავების თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო დახმარებას ითხოვს
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს თბილისში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებთან და მათ რუსეთის ”პროვოკაციულ ქმედებებზე” საერთაშორისო რეაგირებისკენ მოუწოდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული დაძაბულობის შემდგომი გამწვავება კონფლიქტურ რეგიონებში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ბოკერია და მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე 11 ივლისს შეხვდნენ საქართველოში აკრედიტირებულ გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის (აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი) ელჩებს.
ამ ჯგუფის წევრი რუსეთიცაა, თუმცა მისი წარმომადგენელი შეხვედრას არ დასწრებია.
შეხვედრის დროს განხილული იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ 8 ივლისს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი და შემდგომ ამ ფაქტის აღიარება რუსეთის მიერ.
ცალკე შეხვედრა ამავე თემაზე გაიმართა უცხოელ დიპლომატთა სხვა ჯგუფთანაც.
”საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ უკიდურესად საშიშ და პროვოკაციულ აქტთან დაკავშირებით, რომელიც თვით რუსულმა მხარემ ცინიკურად აღიარა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ქმედითი რეაგირება შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით,” – იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.
11 ივლისს გიგა ბოკერია ასევე შეხვდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს ჰეიკი ტალვიტიეს. ტალვიტიე თბილისში მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ჩამოვიდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია.