ახალი ამბები

რუსი სამშვიდობოები აფხაზეთში გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე არიან

აფხაზეთში დსთ-ს კოლექტიური ძალების სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება რუსი სამშვიდობოების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ კონფლიქტის ზონაში ვითარების გართულების და რუსი სამშვიდობოების მიმართ უკვე მომხდარი პროვოკაციების ფონზე, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 11 ივლისს.

”მიღებული იქნა ზომები რუსული სამშვიდობო კონტიგენტის დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, სამშვიდობო ბატალიონების მუდმივი დისლოკაციის ადგილების, სადამკვირვებლო პოსტების და საკონტროლო-გამშვები პუნქტების დაცვის გაძლიერების თაობაზე,”- აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ რუს სამშვიდობოებს ხელი ეშლებათ მათზე მანდატით დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში და ”პირდაპირი საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას” კონფლიქტის ზონაში ვითარების გართულების პირობები.

სამშვიდობოებს იარაღის გამოყენების უფლება აქვთ, თუ მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე; ასევე აიძულებენ უარის თქმას დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე; ტერორისტული, დივერსიული ჯგუფების აშკარა შეიარაღებული თავდასხმის დროს ან მათი დაკავების მიზნით; სამოქალაქო პირების დასაცავად მათ მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში და განგაშის ნიშანის გადასაცემად.

”ყველა სამხედროს გადაეცა ბროშურები, სადაც დაწვრილებითაა განმარტებული მათი უფლებები და მოვალეობები იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით,”- აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გაუგებარი უწოდა რუსი სამშვიდობოების მიერ საგანგებო ზომების მიღებას მაშინ, როცა მათ ”არავინ არ ემუქრება”. მისი თქმით, როგორც ჩანს, ეს არის მორიგი პროვოკაცია.

Back to top button