
პოპოვი: ქართულმა მხარემ უარი თქვა შსკ-ს მოლაპარაკებებზე
რუსეთის მხარის წარმომადგენელმა შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) იური პოპოვმა 11 ივლისს განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ უარი თქვა მონაწილეობა მიეღო კომისიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე.
”კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით, რუსული მხარე მოსკოვში ივლისის ბოლოს შსკ-ს თანათავმჯდომარეების შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა, რათა გვემსჯელა ნდობის აღდგენის ღონისძიებებსა და კონფლიქტის ზონაში რადარის გათავსების საკითხზე. ყველა მხარემ დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას. ქართულმა მხარემ კი უარი განაცხადა,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” პოპოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
თბილისმა მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ შსკ-ს ფორმატით მოლაპარაკებებში აღარ მიიღებდა მონაწილეობას. ქართული მხარე ამ ფორმატის ახალი ფორმულით 2+2+2 შეცვლის ინიციატივით გამოდის, სადაც შევლენ: ქართული მხარე და დიმიტრი სანაკოევის მთავრობა; რუსული მხარე და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება; ეუთო და ევროკავშირი. ამ ინიციატივას მოსკოვი და ცხინვალი ეწინააღმდეგებიან.