
მოსკოვი აფხაზეთის სამშვიდობო პროცესის წინაპირობებს ასახელებს
სრულმასშტაბიანი სამშვიდობო პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ თბილისი ხელს მოაწერს შეთანხმებას ძალის არ გამოყენების თაობაზე და გაიყვანს თავის ძალებს ზემო კოდორის ხეობიდან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 ივლისს.
”მოსკოვს და სოხუმს მიაჩნიათ, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს მხოლოდ პროცოკაციების შეწყვეტის და ძალის არგამოყენების თაობაზე დოკუმენტის დაუყონებლივ ხელმოწერის გზით ორივე კონფლიქტთან მიმართებაში, რასაც აფხაზეთის შემთხვევაში უნდა მოყვეს ქართული ძალების სრულად გაყვანა ზემო კოდორის ხეობიდან,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.
”მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დიალოგის განახლება ნდობის აღდგენის, ეკონომიკური რეაბილიტაციის და მოგვარების სხვა ასპექტების თაობაზე,” – დასძინა მან.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ქართული საპოლიციო ძალების გამოყვანა ზემო კოდორის ხეობიდან გამორიცხულია.
რაც შეეხება ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმებას, თბილისი აცხადებს, რომ აფხაზეთში განთავსებულ რუსულ სამშვიდობოებს არ შესწევთ უნარი ამ შეთანხმების გარანტორის როლის შეასრულონ. შეთანხმება ასევე უნდა შეიცავდეს დებულებას, რომლის თანახმადაც სოხუმმა უნდა უზრუნევლყოს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნება აფხაზეთში.
რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ის განაგრძობს თავისი სამშვიდობო როლის შესრულებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
”არსებულ ვითარებაში, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს შემდგომ სამშვიდობო მცდელობებს ორივე კონფლიქტთან მიმართებაში მასზე დაკისრებული შუამავლის როლის შესაბამისად, რათა აღკვეთოს რეგიონში მოვლენათა კატასტროფული სცენარით განვითარება,” – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 11 ივლისის განცხადება აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შორის გამართულ შეხვედრას ეხება. შეხვედრა მოსკოვში 10 ივლისს გაიმართა.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა გამოხატეს ”სერიოზული შეშფოთება” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული დაძაბულობის გამო, რაც იყო ”ქართული მხარის პროვოკაციული ქმედებების” შედეგი.
”სერგეი ბაღაფშს ეცნობა რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული პოლიტიკურ-დიპლომატიური ნაბიჯების შესახებ, კერძოდ გაეროსა და ეუთოში, რაც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მოპყრობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე, რაც თბილისის აგრესიული პოლიტიკის გამო ფართომასშტაბიანი კრიზისის ზღვარზეა,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.