ახალი ამბები

საქართველომ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

საქართველო მოსკოვიდან თავის ელჩს გამოიწვევს ”კონსულტაციებისთვის” რუსეთის იმ აღიარების საპასუხოდ, რომ 8 ივლისს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 10 ივლისს საღამოს.

”ჩვენ აღშფოთებული ვართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო და ვიწყებთ დიპლომატიური საქმიანობის აქტიურ ფაზას. გარდა ამისა, ჩვენ გადავდგამთ სერიოზულ დიპლომატიურ ნაბიჯს და გამოვიწვევთ ჩვენს ელჩს მოსკოვიდან კონსულტაციებისთვის,” – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა გუშინ, რომ მისმა თვითმფრინავებმა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს გადაუფრინეს, რათა ”გაეგრილებინა ცხელი თავები” თბილისში მას შემდეგ, რაც ოსურმა მხარემ 8 ივლისს ოთხი ქართველი სამხედრო დააკავა. 

ტყეშელაშვილის თქმით, რუსეთის ქმედებები ”უპრეცედენტოა. პირველად, რუსეთი ცინიკურად გამოხატავს აგრესიას საერთაშორისო თანამეგობრობის წინ”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 ივლისს ”როიტერთან” ინტერვიუში განაცხადა: ”მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ვერ ვიხსენებ ამგვარ უგუნურ ქმედებას”.

”ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მოსკოვში არიან ადამიანები, რომლებისთვისაც სიტყვები აღარ არის სიტყვები ან ვისთვისაც საერთაშორისო სამართალი აღარ ნიშნავს არაფერსმ და რომელთაც მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ დაბომბონ მეზობელი ქვეყნები სურვილისამებრ, როდესაც მათ სურთ, ან ღმერთმა იცის, რა მიზეზით,” – დასძინა მან, ”რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიბრძოლებთ რუსეთთან. მე ვგულისხმობ, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საჭირო საერთაშორისო დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმები”.

ეკა ტყეშელაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააოგნა რუსეთის ქმედების აგრესიულმა ფორმამ.

”გუშინ რუსეთმა პირდაპირი გამოიწვია ევროპა და მთლიანი საერთაშორისო საზოგადოება  – ამ გამოწვევას ერთიანი პასუხი სჭირდება,” – განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისი დაუყონებლივ დაიწყებს ამ საკითხზე კონსულტაციებს გაეროსთან, ევროკავშირთან, ნატოსთან, ეუთოსთან და მის მოკავშირეებთან. 

”ჩვენ გადავცემთ ჩვენს შეშფოთებას ჩვენს პარტნიორებს და შევეცდებით შევიმუშაოთ ერთიანი სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონალურ სტაბილურობას და ევროპულ უსაფრთხოებას,” – განაცხადა მან.

საქართველოს სურს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ გააკრიტიკოს რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო და ასევე სთხოვს ნატოს, ევროკავშირს, ეუთოს და სხვებს დაგმონ ეს აქტი.

თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმედგაცრუება გამოხატა საერთაშორისო რეაქციის მიმართ.

”არა მხოლოდ რუსეთი გვაოცებს ხოლმე, არამედ [ასევე გასაოცარია] ზოგჯერ საერთაშორისო საზოგადოების ზოგიერთი ნაწილის უუნარობაც ადექვატური რეაგირება მოახდინოს,” – განუცხადა მან ”როიტერს”.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 10 ივლისს განაცხადა, რომ თბილისის პრიორიტეტია საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობა ახალი სამშვიდობო და მოლაპარაკებების ფორმატების შემუშავებაზე.

”რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რომ ის სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მხარე გახდა,” – განაცხადა ტყეშელაშვილმა, ”მისი, როგორც მშვიდობისმყოფელის როლი, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, არარეალურია – ეს სახიფათო ფარსი გახდა”.

 

Back to top button