
”კავკასია არ იყიდება” – აცხადებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა
ტელეკომპანია ”კავკასიის” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ტელეკომპანიის ყიდვის სურვილი ერთდროულად რამდენიმე ბიზნესმენს გაუჩნდა, თუმცა ”კავკასია არ იყიდება”.
გაზეთ ”რეზონანსში” 10 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ჯანგირაშვილი ეჭვობს, რომ იმ ადამიანების უკან, ვინც ტელევიზიის ყიდვას ცდილობს, ”ხელისუფლება დგას”. მისი თქმით, პოტენციური მყიდველები მზად არიან ტელეკომპანიაში, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს, 10 მლნ აშშ დოლარი გადაიხადონ.
”სულ გვაქვს ამგვარი შემოთავაზებები. სხვადასხვა ჯგუფები მოდიან წინადადებებით, ნაირნაირი ხალხი – ქართველები და უცხოელები, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ამ ტელევიზიის გაყიდვა,”- აცხადებს ჯანგირაშვილი, ”დღევანდელ სიტუაციაში ამის გაყიდვა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, სამშობლოს ღალატია და დეზერტირობას ნიშნავს”.
ცოტა ხნის წინ მან ასევე განაცხადა, რომ ”კავკასიის” ფინანსურ შევიწროვებას ხელისუფლება რეკლამის შემკვეთ ბიზნესმენებზე ზეწოლით ცდილობს. ჯანგირაშვილის განცხადებით, რამდენიმე კომპანიამ უკან გაიტანა რეკლამა მას შემდეგ, რაც მათ ამის გაკეთება ფინანსურ პოლიციაში აიძულეს.
დღესდღეობით ”კავკასია” ქართულ ტელე-სივრცეში ერთადერთი ოპოზიციური არხია, სადაც პოლიტიკური თოქ-შოუ გადის. ეს ტელეკომპანია ნოემბრის მოვლენების შემდეგ გაცილებით პოპულარული გახდა.