
რაისის ვიზიტი გაართულებს ვითარებას – კოკოითი
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისის თბილისში ვიზიტი განმუხტვის ნაცვლად, კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში დაძაბულ ვითარებას.
”რია ნოვოსტი” კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ აშშ მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარებას.
”ქართულ-ოსური და ქართულ აფხაზური კონფლიქტების მოგვარების საქმეში აშშ-ს პირდაპირი მონაწილეობა, რომელიც საქართველოს აიარაღებს და კონფლიქტების შეიარაღებული გზით მოგვარებისკენ უბიძგებს, ჩვენ არამიზანშეწონილად მიგვაჩნია,”- აცხადებს კოკოითი.
მან ასევე მოუწოდა აშშ-ს არ დაეყრდნოს მხოლოდ ქართული მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ”მოისმინოს სამხრეთ ოსური პოზიციაც, რაც შტატებს შესაძლებლობას მისცემდა რეალობის შესაბამისი დასკვნების გამოეტანა”.
კონდოლიზა რაისი თბილისს 9 ივლისს ეწვია. მის ვიზიტამდე ორივე კონფლიქტურ რეგიონში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა 10 ივლისს საქართველოს ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ შეშფოთება გამოთქვა კონფლიქტურ რეგიონებში დაძაბულობის გამო და მხარეებს ძალადობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გზაა მშვიდობიანი გადაწყვეტა.