
რაისთან შეხვედრის წამყვანი თემა კონფლიქტების მოგვარება იყო
კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მიზნით მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა და რუსი სამშვიდობოების საერთაშორისო პოლიციური ძალებით ჩანაცვლება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან გამართულ შეხვედრაზე, განაცხადეს უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა.
ორივე მათგანი ესწრებოდა შეხვედრას, რომელიც კონდოლიზა რაისთან საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამართა. შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და მისი მოადგილე გიგა ბოკერია, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით სიხარულიძე.
”სამშვიდობოების გაყვანის გარეშე კონფლიქტის მოგვარება, დევნილთა დაბრუნება წარმოუდგენელია, რეგიონში ვითარების დეესკალაცია არის წარმოუდგენელი – სწორედ ეს გახდა ცენტრალური საკითხი საუბრის,” – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ კახა ლომაიამ, ”ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ინტენსიურად გაგრძელდება ეს კონსულტაციები. ჩვენ ვიცით თავად სახელმწიფო მდივნისგან, რომ ის აპირებს პირადად ესაუბროს ამ საკითხებზე რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს და ევროპელ კოლეგებს”.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 7 ივლისს განაცხადა, რომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში საერთაშორისო საპოლიციო ძალის შექმნის ”უკიდურესი აუცილებლობა” არსებობს. თუმცა ეს იდეა სოხუმმა კატეგორიულად უარყო და მას ”პროქართული” პოზიცია უწოდა.
”ქვაკუთხედი არის სწორედ რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა რეგიონიდან და მათი ჩანაცვლება მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი საპოლიციო სამოქალაქო ძალებით,”- განაცხადა დღეს ლომაიამ.
თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ახალი მოლაპარაკებთა და სამშვიდობო ფორმატების საჭიროება დღის წესრიგში იმის გამო დგას, რომ არსებული არაეფექტურია და უკვე აღარ მუშაობს.
”იმედი მაქვს და იყო ამაზე საუბარი, რომ კონდოლიზა რაისის ვიზიტის შემდეგ შეიძლება დაიწყოს სამშვიდობო პროცესი რეალურად,”- განუცხადა ჟურნალისტებს იაკობაშვილმა, ”ყველაფერი კი დამთავრდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით”.