
რუსი სამხედრო მეთაური კონფლიქტის შემთხვევაში ჩარევის თაობაზე აფრთხილებს
რუსეთის ჩრდილოეთ-კავკასიური სამხედრო ოლქი მზად არის საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინოს რუს სამშვიდობოებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, განაცხადა რუსეთის სამხედრო მეთაურმა სერგეი მაკაროვმა 10 ივლისს.
”კონფლიქტის მხარეებს შორის ვითარების ესკალაციის და საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ჩრდილოეთ-კავკასიური სამხედრო ოლქის მთავარი ამოცანაა: სამშვიდობო ძალებისთვის დახმარების აღმოჩენა კონფლიქტის მხარეთა ძალების დაშორიშორების საქმეში; კონფლიქტური ზონების მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი მაკაროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, ბოლო დროს გამართული სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ-კავკასიური სამხედრო ოლქის შენაერთების მონაწილეობით მიზნად ისახავდა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში დაძაბულობის გამწვავების შემთხვევაში საჭირო ქმედებების შემუშავებას.