ახალი ამბები

სემნები ევროკავშირის პოზიციაზე საუბრობს

უსაფრთხოება ადგილზე და ორივე მხარის თანხმობაა საჭიროა იმისათვის, რომ ევროკავშირმა განიხილოს აფხაზეთში ახალ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის შესაძლებლობა, განაცხადეს ევროპელმა დიპლომატებმა 9 ივლისს.

თუმცა, ჯერჯერობით არც ერთი ეს პირობა დაკმაყოფილებული არ არის.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები საქართველოში ევროკომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ გამოაგზავნა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს უკიდურესად გამწვავებული ვითარების ფონზე.

თბილისში 9 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას სემნებიმ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ”ყველაზე მნიშვნელოვანი და სასწრაფო ამოცანაა იმის უზრუნველყოფა, რომ ის ძალიან სამწუხარო მოვლენები, რომელთაც ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ჰქონდა ადგილი, აღარ გაგრძელდეს”.

”შემდგომი ძალადობა ისედაც დაძაბულ ვითარებაში, რა თქმა უნდა, გამოიწვევს შემდგომ დესტაბილიზაციას და ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით,” – განაცხადა მან.

საქართველო მოუწოდებს ევროკავშირს უფრო აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების პროცესში, მათ შორის სამშვიდობო მისიაში მისი შესაძლო როლის განხილვის გზით.

თუმცა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელია, ნათლად მიანიშნა იმავე პრესკონფერენციაზე, რომ უსაფრთხოება ადგილზე ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მონაწილეობით ახალ სამშვიდობო მისიაზე საუბრის დაწყებამდე.

”ერთი ადამიანი, რომელიც გაეროს დამკვირვებელთა მისიაში მუშაობდა [ადგილობრივი კადრი] გალში მოკლეს [6 ივლისს მომხდარი აფეთქების დროს],” – განაცხადა მან, ”ამრიგად, როდესაც თქვენ საუბრობთ ახალ და უფრო საერთაშორისო ძალებზე, პირველ რიგში, გაეროს დამკვირვებელთა მისიის უსაფრთხოების საკითხი უნდა მოგვარდეს, რომლებიც იქ უკვე მუშაობენ”.

ხოლო პიტერ სემნებიმ განაცხადა: ”რეალისტური არ არის იმის მოლიდინი, რომ ევროკავშირი მტრულ გარემოში ჩაერთვება”.

”იმისათვის, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატი ჩამოყალიბდეს, მხარეებმა უნდა მოითხოვონ ეს, უნდა შეთანხმდნენ ამის შესახებ. ამგვარი თხოვნა შესაძლოა წამოვიდეს განხილვების და მოლაპარაკებების შემდეგ, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ აქ ჰიპოთეტურ საკითხზე ვსაუბრობთ,” – განაცხადა სემნებიმ.

”მაგრამ, ამავე დროს თუ იქნება ამგვარი მოთხოვნა, თუ იქნება დაინტერესება, მე მიმაჩნია, რომ ევროკავშირი, იმ მნიშვნელობის გათვალისწინებით, რასაც ჩვენ საქართველოს და ამ რეგიონს ვანიჭებთ, მოხარული იქნება განიხილოს თავისი წვლილის შეტანის საკითხი,” – დასძინა მან.

თუმცა, სემნებიმ ასევე აღნიშნა აფხაზური მხარის ძლიერი წინააღმდეგობა არსებული სამშვიდობო ოპერაციის შეცვლის მცდელობების მიმართ.

”ამჟამად, აფხაზურ მხარეს მიაჩნია, რომ რუსი სამშვიდობოების ყოფნა რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოებისთვის,” – განაცხადა მან, ”მე არ ვაკეთებ განცხადებას სწორია ეს, თუ არა. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ეს არის მეორე მხარის აღქმა და შეხედულება, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნას”.

თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ არსებული სამშვიდობო ფორმატი ”არ უნდა განვითარდეს”.

მან ასევე გაახმოვანა ის სამი ძირითადი პირობა, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირის ჩართვა რეგიონში.

”ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მხარეებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია,” – განაცხადა სემნებიმ, ”საერთაშორისო ხელშეწყობა სასარგებლო და მნიშვნელოვანია, რათა შეიქმნას სწორი ხელსაყრელი გარემო ამგვარი კონტაქტებისთვის”.

”ევროკავშირის ჩართვა ასევე ეფუძნება იმ რწმენას, რომ საჭიროა მხარეთა ყველაზე მნიშვნელოვანი და ეგზისტენციალური წუხილების გაცნობიერება და მოგვარება,” – განაგრძო მან და იქვე დასძინა, რომ აფხაზური მხარის შემთხვევაში, ამგვარი ”ეგზისტენციალური წუხილი” არის უსაფრთხოება და თვითგამორკვევა, ხოლო ქართული მხარის შემთხვევაში – დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება.

”ევროკავშირის ჩართვა ასევე ეფუძნება იმ რწმენას, რომ აუცილებელია რუსეთის ფედერაციის ჩართვა კონსტრუქციული გზით კონფლიქტების მოგვარებაში,” – განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად თბილისსა და მოსკოვზეა დამოკიდებული ურთიერთობების გაუმჯობესება, მან განაცხადა, რომ ევროკავშირს სჯერა, რომ მას გააჩნია ”შესაძლებლობა ხელი შეუწყოს” რუსეთის ”კონსტრუქციულ ჩართვას” კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

სემნების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი სხვაობაა თბილისის და მოსკოვის პოზიციებს შორის, არსებობს ”ის დონე, სადაც ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების გამონახვა”.

”საბოლოო ჯამში, სტაბილურობა რეგიონში უნდა შედიოდეს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ინტერესებში,” – განაცხადა მან, ”მაგალითად, სოჭის ოლიმპიური თამაშების დრო შესაძლოა შორს გვეჩვენებოდეს – თითქმის ექვსი წელიწადია დარჩენილი – თუმცა ის ფაქტია, რომ დაგეგმვა და მზადება უკვე მიმდინარეობს, სტაბილურობის ამ ერთობლივი ინტერესის მაჩვენებელი უნდა იყოს”.  
 

მსგავსი/Related

Back to top button