ახალი ამბები

რაისი თბილისში ჩამოვიდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი 9 ივლისს საღამოს თბილისში ჩამოვიდა.

პრეზიდენტ სააკაშვილსა და სახელმწიფო მდივანს შორის ოფიციალური შეხვედრა 10 ივლისს დილითაა დაგეგმილი. თუმცა მათ უკვე გამართეს ხანმოკლე შეხვედრა რაისის ჩამოსვლისთანავე. მათ თბილისის ერთ-ერთ რესტორანში სადილი გამართეს. 

თბილისში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, რაისი ასევე აპირებს შეხვედრას ოპოზიციის ლიდერებთან.

8 ივლისს რაისმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ”ძალიან კარგი მოკავშირეა”.

”მე ვიცი, რომ ბევრი ინციდენტი მოხდა, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხალხის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. და მე მინდა ძალიან ნათლად განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის ძლიერი,” – განაცხადა მან.

”ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველომ და რუსეთმა თავიდან უნდა აიცილონ პროვოკაციული ქმედებები. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, რუსების მიერ ბოლო თვეების მანძილზე განხორციელებულმა ზოგიერთმა ქმედებამ, კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა რეგიონში”.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის 16 აპრილის განკარგულება სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე, ასევე აფხაზეთში სარკინიგზო ძალების შეყვანის თაობაზე შეშფოთებას იწვევს.

”მე ვფიქრობ, რომ მაშინ როცა რუსეთის განმარტება სარკინიგზო ძალების, უიარაღო სარკინიგზო ძალების განლაგების თაობაზე იყო, ზოგიერთი გაგებით, ლოგიკური განმარტება, მაინც, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ეს ქართველებთან კონსულტაციების გზით რომ გაკეთებულიყო,” – განაცხადა რაისმა.

მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების თაობაზე.

”მე ვფიქრობ, რომ ნატოს MAP იქნება ძალიან კარგი სტატუსი, საიდანაც ქართველები შეძლებენ წინსვლას გაყინული კონფლიქტების მოგვარებისკენ,” – განაცხადა მან, ”ამჟამად, ამერიკული პოზიცია ამ საკითხზე ურყევია და ჩვენ ნათლად განვაცხადეთ ბუქარესტში, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ MAP, რომელიც არ ნიშნავს წევრობას, იქნებოდა ძალიან კარგი სტატუსი როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის. და ჩვენ კვლავაც დავრჩებით ამ პოზიციაზე”.

მსგავსი/Related

Back to top button