ახალი ამბები

კონტროლის პალატას ლევან ბეჟაშვილი ჩაიბარებს

კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახეთის რეგიონში პრეზიდენტის ამჟამინდელი რწმუნებული ლევან ბეჟაშვილი შეცვლის ლევან ჭოლაძეს.

აღნიშნული ინფორმაცია დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დაადასტურა. სწორედ მის კომპეტენციაში შედის კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა, რომელსაც პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს.

ბაქრაძის განცხადებით ქრისტიან-დემოკრატ დეპუტატებთან მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, ასევე იგეგმება კონტროლის პალატის რეორგანიზაცია.

”იგეგმება ახალი კანონის მიღება, საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მთლიანად სისტემის ფუნქციონირებაში და ამიტომ, მე ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივი და ნორმალური მოვლენაა, რომ ამ რეორგანიზაციას მოჰყვეს  შესაბამისი საკადრო ცვლილებაც,”- განუცხადა ”რუსთავი 2”-ს დავით ბაქრაძემ.

ლევან ბეჟაშვილმა კახეთის რეგიონი თებერვალში ჩაიბარა. მანამდე ის 2004 წლის მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ბეჟაშვილი მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში მისი პროტექციით მოხვდა.  პარლამენტში არჩევამდე ბეჟაშვილი საკანონმდებლო ორგანოს აპარატში იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება ლევან ჭოლაძეს, რომელმაც კონტროლის პალატის ხელმძღვანელად წელიწადზე ოდნავ მეტი დაჰყო, გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატიურ კარიერას, სავარაუდოდ, ისრაელში ელჩის რანგში გააგრძელებს.

Back to top button