
სამი პოლიციელი დაიჭრა კოდორის ხეობაში მომხდარი თავდასხმისას – შსს
ერთი ქართველი პოლიციელი მძიმედ, ხოლო ორი მსუბუქად დაიჭრა დღეს დილით კოდორის ხეობაში ქართული პოლიციის რაზმზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა დაჭრილთა ვინაობას არ ასახელებს.
ამავე ცნობით, თავდამსხმელთა ვინაობა და მათ შორის მსხვერპლის რაოდენობა უცნობია.
შსს-ს განცხადებით, თავდასხმა მოხდა ქვაბჩარა-დელუქი-აჩამხარის მიმართულებით ქართული პოლიციის რაზმის პატრულირებისას, რომლის მიზანიც იყო ”გაერო-ს ინსპექტორთა დაგეგმილი ვიზიტის წინ ადგილმდებარეობის დათვალიერება”.
შსს-ს ასევე იტყობინება დღეს გამთენიისას გალის რაიონში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მომხდარი ცალკე ინციდენტის შესახებაც. კერძოდ, უცნობმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ყუმბარმტყორცნებისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნა ქართული პოლიციის პოსტს, რომელიც შამგონა-ახალი აბასთუმნის მონაკვეთზე მდებარეობს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
აფხაზურ მხარეს პირველ ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სოხუმის თქმით, ზუგდიდის რაიონში პოლიციის პოსტზე თავდასხმა თავად ქართული მხარის მიერაა ”დადგმული”.
”9 ივლისს დაახლოებით ღამის 4:15 საათზე ქართულმა სპეცსამსახურებმა კიდევ ერთი პროვოკაცია განახორციელეს, რომლის დროსაც მათ მოაწყეს თავდასხმა სოფელ რუხში მდებარე ქართული სპეცრაზმის საგუშაგოზე,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” აფხაზეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით.
”ეს არის ქართული მხარის მცდელობების ნაწილი ხელოვნურად დაძაბოს სიტუაცია რეგიონში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტის წინ [რომელიც დღეს საღამოს საქართველოში ჩამოდის],” – განაცხადა აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა, ”აშკარაა, რომ თბილისი ცდილობს არსებული სამშვიდობო ფორმატის შეცვლას მისი დასავლელი პარტნიორების დახმარებით”.