ახალი ამბები

ჟურნალისტების გაერთიანება ტელეკომპანია ”კავკასიას” იცავს

ერთი თვის წინ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ  ”ჟურნალისტები სიტყვის თავისუფლებისათვის” დღეს ტელეკომპანია ”კავკასიის” მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს, სადაც დაგმეს ხელისუფლების მცდელობა შეზღუდოს არხის ფინანსური შესაძლებლობები.

”კავკასიის” ხელმძღვანელობის განცხადებით, ფინანსური პოლიცია აიძულებს ბიზნესმენებს, შეწყვიტოს რეკლამის განთავსება ამ არხზე, რომლის ძირითად საარსებო წყაროს სწორედ სარეკლამო შემოსავლები წარმოადგენს. ”კავკასია” მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს და ერთადერთი არხია დღესდღეობით ქართულ მედია-სივრცეში, სადაც პოლიტიკური თოქ-შოუ გადის.

”მივმართავთ ყველა კანონიერ საშუალებას ”კავკასიის” დასაცავად,”- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ”ჩვენ ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ, რომ ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერის შეზღუდვა დაუშვებელია”.

ორგანიზაციას სტუდია ”მაესტროს” დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ხელმძღვანელობს და ის 35 ჟურნალისტს აერთიანებს, მათ შორის არიან: Primetime წამყვანი ინგა გრიგოლია, ”რუსთავი 2” საინფორმაცი გამოშვების ყოფილი წამყვანი ნათია ლაზაშვილი, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, ამავე გაზეთის რედაქტორი ელისო ჩაფიძე, ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, რადიო ”იმედის” საინფორმაციოს ყოფილი უფროსი ნონა ყანდიაშვილი, ტელეკომპანია ”კავკასიის” პრეზიდენტი დავით აქუბარდია და გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია ”მზის” ყოფილი პროდიუსერი ნინო ჟიჟილაშვილი, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი, რომელიც თანამდებობიდან დაახლოებით ერთი თვის წინ გადადგა.

ორგანიზაცია უახლოეს მომავალში გეგმავს ქართულ მედია სივრცეში არსებული ვითარების შესახებ შეხვედრები გამართოს საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან.

დღესვე ტელეკომპანია ”კავკასიის” მხარდამჭერი პრესკონფერენციები გამართეს ოპოზიციურმა პარტიებმა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის და ლეიბორისტებმა.

მსგავსი/Related

Back to top button