Placeholder canvas
ახალი ამბები

ოთხი ქართველი სამხედრო გათავისუფლებულია

ოთხი ქართველი სამხედრო სამხრეთ ოსეთის მხარემ უკვე გაათავისუფლა, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, თუმცა გათავისუფლების დეტალებზე განცხადება არ გააკეთა.

სამხრეთ ოსეთის მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

სამხედროების გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარე ”აქტიურ” მოლაპარაკებებს ქართული მხარე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რეგიონში განლაგებულ სამშვიდობო ძალებთან.

მისი თქმით, დღეს ცხინვალს სტუმრობს საქართველოში ვიზიტად მყოფი ეუთოს ელჩების დელეგაცია და  ”იმედია, რომ ჩვენი თანამემამულეები დაგვიბრუნდებიან ეუთოს ელჩებთან ერთად”. იაკობაშვილმა ეს განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც 8 ივლისს 16:30 საათზე გაიმართა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტი დღის ბოლომდე ამოიწურებოდა.

იმავდროულად, 8 ივლისს დაახლოებით 17:30 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის ვიდეოჩანაწერი საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ”რუსთავი 2”-მა უჩვენეს 6 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში. ეს ის დროა, როდესაც ქართველი სამხედროები უკვე თავისუფლები არიან.

”მე ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს – თუ ადგილობრივი უკანონო დაჯგუფება მათ არ გაათავისუფლებს, ჩვენი სამხედროები გაათავისუფლოს საქართველოს პოლიციამ. მე ვავალებ დაუყონებლივ დაიწყოს მზადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენი უკანონოდ გატაცებული სამხედროების ყველა მათ ხელთ არსებული კანონიერი მეთოდით გათავისუფლებისთვის,” – განაცხადა სააკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

”ჩვენი ჯარისკაცების უკანონო დაკავება შესაძლებელია განხილულ იქნას როგორც მხოლოდ გატაცება ბანდიტური დაჯგუფებების მიერ. ეს ბანდიტები ბოროტად სარგებლობენ ჩვენი მოთმენის უნარით, ჩვენი სულგრძელობით, ჩვენი სურვილით, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა,” – განაცხადა მან. 

”ისინი ვერ ხვდებიან, რომ აღარ არის 2004 წელი, როცა ჩვენ სამხედროებს იყვანდნენ და საჯაროდ ამცირებდნენ,” – განაცხადა სააკაშვილმა. იგი 2004 წლის ივლისში სამხრეთ ოსური მხარის მიერ 50-მდე სამხედროს დაკავების ფაქტს გულისხმობდა. მაშინ ქართველი სამხედროები ცხინვალის ცენტრალურ ქუჩაზე მიიყვანეს და იარაღის მუქარით დააჩოქეს. ეს კადრები რუსულმა ტელეკომპანიებმა გადასცეს.

”მე მინდა გადავცე ამ ბანდიტებს, ჩვენ ამას არ მოვითმენთ, არ შევარჩენთ და უკან არ დავიხევთ. ახლა უკვე ეგენი მოემზადონ ჩვენი მოქმედებებისთვის,” – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადების გაშუქების შემდეგ, მაშინ როდესაც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია ქართველი სამხედროების გათავისუფლების თაობაზე, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა არაფერი თქვა ამის შესახებ თავის 6-საათიან საინფორმაციო გადაცემაში.

ოთხი ქართველი სამხედრო – ერთი პოლკოვნიკი, ერთი კაპრალი და კიდევ ორი – სერჟანტი, ოსურმა მხარემ 7 ივლისს დააკავა.

სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, სამხედროები ზნაურის რაიონის სოფელ ოკონას მახლობლად დააკავეს, სადაც ისინი დაზვერვით საქმიანობას ახორციელებდნენ. თუმცა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეს კატეგორიულად უარყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც თავდაპირველად დუმილი ამჯობინა ინციდენტის თაობაზე, დაახლოებით 14:30 საათზე დაადასტურა ქართველი სამხედროების დაკავების ფაქტი. სამინისტროს თქმით, ლოგისტიკის ბატალიონის ოთხი სამხედრო ”სამხრეთ ოსური და ჩრდილოეთ კავკასიური მებრძოლებისგან შემდგარმა უკანონო შეიარაღებულმა ბანდფორმირებამ გაიტაცა”

მსგავსი/Related

Back to top button