ახალი ამბები

ცხინვალი ოთხი ქართველი სამხედროს დაკავებას იუწყება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 7 ივლისს კონფლიქტის ზონაში ქართული არმიის ოთხი სამხედრო მოსამსახურე დააკავა.

სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, სამხედროები ზნაურის რაიონის სოფელ ოკონას მახლობლად დააკავეს.

სამხრეთ ოსურმა მხარემ დაკავებულთა გვარებიც დაასახელა და განაცხადა, რომ ყველა მათგანი ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საარტილერიო ბრიგადის ოფიცრები არიან”.

თვითგამოცხადებული რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრმა მიხეილ მინძაევმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ დაკავებულებს ბრალი ედებათ ”საზღვრის უკანონო გადალახვასა” და წინააღმდეგობის გაწევაში.

”გამოძიების მსვლელობისას მოპოვებული წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები საარტილერიო ცეცხლის კორექტირებასთან დაკავშირებულ დაზვერვით ოპერაციას ახორციელებდნენ,” –  იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.

რუსულმა ტელეკომპანიებმა უჩვენეს ვიდეომასალა, სადაც ოს მილიციელებს შეჰყავთ სულ ცოტა ორი ხელბორკილიანი ადამიანი სამხედრო ფორმებში დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში.  

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.   

7 ივლისს მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტის დროს, ქართული მხარის ინფორმაციით, მისმა სამართალდამცავებმა აღკვეთეს ოს ”დივერსანტთა ჯგუფის” შემოსვლა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად შემოვლით გზაზე, რომელიც ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებს დანარჩენ საქართველოს უკავშირებს. 

მამუკა ყურაშვილმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, განაცხადა, რომ დაახლოებით ათი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, სავარაუდოდ, შემოვლითი გზის დანაღმვას აპირებდა . მისი თქმით, ქართულმა მხარემ ცეცხლი გახსნა და ჯგუფი იძულებული გახდა უკან დაეხია, ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლებისკენ. მან ასევე განაცხადა, რომ ოსებს შორის შესაძლოა დაჭრილებიც იყვნენ. სამხრეთ ოსურ მხარეს ამ ინციდენტზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.  

Back to top button